სატურნის რგოლების ჩრდილქვეშ გავლისას, კასინიმ რაღაც იდუმალი შენიშნა
მიუხედავად იმისა, რომ NASA-ს კასინის უპრეცედენტო მისია სექტემბერში დასრულდა, სიცოცხლის ბოლო თვეებში ხომალდის მიერ გაკეთებულმა აღმოჩენებმა საფუძველი დაუდო სატურნის კვლევის ახალ ეპოქას.
უკანასკნელი ჩაყვინთვის სამზადისისას, კასინიმ არაერთხელ გაიარა სატურნსა და მის რგოლებს შორის და შეაგროვა იმდენი ინფორმაცია, რამდენიც შეეძლო, შემდეგ კი უკან, დედამიწაზე გამოაგზავნა.
ახლახან, ასტრონომებმა გვამცნეს, რომ სატურნის იონსფეროში გავლისას, პლანეტიდან 2600-4000 კმ სიმაღლეზე, კასინიმ რაღაც საკვირველი აღმოაჩინა: რგოლების მიერ წარმოქმნილი ჩრდილი ბლოკავს მზის ულტრაიისფერ რადიაციას და ამცირებს ამ რეგიონების იონიზაციას.
შედეგად, რგოლები თვალშისაცემად ცვლის გაზის გიგანტის ატმოსფეროს იმ გზით, რომლის შესახებაც მანამდე არაფერი ვიცოდით.
ის, რომ სატურნის რგოლები უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ლამაზი წარმონაქმნი, უკვე დიდი ხანია ცნობილია. 1980-იან წლებში, NASA-ს მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ სატურნის ზოლები წარმოქმნილი უნდა ყოფილიყო პლანეტის რგოლებიდან წამოსული წყლის დამუხტული ნაწილაკების წვიმისგან. 2013 წელს კი გვამცნეს, რომ ამის მტკიცებულებაც იპოვეს.
კასინის მიერ შესრულებილი 11 ორბიტის დროს შეგროვილი მონაცემები სხვადასხვა ეფექტების შესახებ გვამცნობს — აშკარა სხვადასხვაობაა პლანეტის ცივ, მკვრივ იონსფეროში — ეს გახლავთ პლანეტის ზედა ატმოსფერო 300-5000 კმ სიმაღლეზე, რომელიც იონიზებულია ულტრაიისფერი რადიაციით.
რა თქმა უნდა, სატურნს არ აქვს მყარი ზედაპირი, მაგრამ კვლევითი მიზნებისთვის, ნულოვან სიმაღლედ მიჩნეულია წერტილი, სადაც წნევა ერთ ბარს შეადგენს, იგივეს, რასაც დედამიწის შემთხვევაში ზღვის დონეზე. ეს წერტილი სატურნის ცენტრიდან 60 268 კილომეტრითაა დაშორებული.
შვედეთის კოსმოსური ფიზიკისა და NASA-ს გოდარდის კოსმოსურ ფრენათა ცენტრის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ იმ ადგილებში, სადაც რგოლების ჩრდილი ეცემა, გაცილებით ნაკლებია იონიზაცია და თვალშისაცემია პლაზმის ჩავარდნა.
როგორც მათ დაასკვნეს, B რგოლი და A რგოლის უდიდესი ნაწილი არ უნდა ატარებდეს უკიდურეს ულტრაიისფერ რადიაციას. თუმცა, იგივე ეფექტი არ შეინიშნება C და D რგოლების შემთხვევაში, რომლებიც ულტრაიისფერ რადიაციას თავისუფლად ატარებენ.
გარდა ამისა, მკვლევრებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ იონსფერო იმაზე გაცილებით ცვალებადი იყო, ვიდრე წარმოედგინათ, ელექტრონთა სიკვრივე კი ხანდახან რადიკალურად იცვლებოდა ერთი ორბიტიდან მეორემდე. ეს ცვლილება მხოლოდ ჩრდილებით ვერ აიხსნებოდა.
ჯგუფის ვარაუდით, ეს ცვლილებები შეიძლება გამოწვეული იყოს „რგოლების წვიმით“, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფენომენი დაკვირვების გზით უშუალოდ არასოდეს შეუნიშნავთ. კიდევ ერთი შესაძლებლობის მიხედვით, ძლიერ, განედურ ქარებს ეფექტი აქვთ ელექტრონთა სიმკვრივეზე.
„ვფიქრობ, ეს სწორედ რგოლების წვიმაა. ამ ყველაფერს შუქს საბოლოოდ მოჰფენს რადიო და პლაზმურ ტალღებზე დაკვირვება“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, იაოვის უნივერსიტეტის მკვლევარი უილიამ კურთი.
ფინალური მისიის დაწყებისას, კასინი სატურნსა და მის რგოლებს შორის პირველად 2017 წლის 26 აპრილს გაიარა. ხომალდმა სულ 22 ასეთი ორბიტა შეასრულა, საბოლოოდ კი, 2017 წლის 15 სექტემბერს, სატურნის ატმოსფეროში შეიჭრა და დაიწვა. მკვლევართა ჯგუფს ამ ორბიტებზე შეგროვილი მონაცემების ჯერ მხოლოდ ნახევარი აქვს შესწავლილი. ჯერ არ დაუწყიათ კასინის უკანასკნელი ჩაყვინთვისას შეგროვილი მონაცემების დამუშავებაც.
ეს მხოლოდ მცირედია იმ ინფორმაციისა, რასაც აწ უკვე მკვდარი კასინი თანდათან გაგვიმჟღავნებს.
კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია Newsweek-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით