სატურნის ექვსკუთხედის თავზე უცნაური სტრუქტურა აღმოაჩინეს
სატურნის ექვსკუთხედის თავზე უცნაური სტრუქტურა აღმოაჩინეს

სატურნის ჩრდილოეთ პოლუსის თავზე რაღაც უცნაური ხდება. ღრუბლების ზემოთ აღმართული უზარმაზარი სტრუქტურა მიუთითებს, რომ პლანეტის თვალწარმტაცი, ექვსკუთხედის ფორმის სტრუქტურა იმაზე გაცილებით დიდია, ვიდრე აქამდე გვეგონა.

მონაცემები კოსმოსურ ხომალდ „კასინის“ ეკუთვნის. მიუხედავად იმისა, რომ NASA-მ ეს ხომალდი სატურნის ატმოსფეროში ერთი წლის წინ გაანადგურა, მის მონაცემებში ახალი აღმოჩენები დღემდე გრძელდება.

2004 წელს, როცა ხომალდმა დაკვირვებები დაიწყო, სამხრეთ ნახევარსფეროს ზაფხულის პერიოდში, მან სამხრეთ პოლუსის თავზე, დიდ სიმაღლეზე გავრცობილი მორევი შენიშნა. აღსანიშნავია, რომ სატურნის ჩრდილოეთ პოლუსზე გადაჭიმულია ღრუბლების ექვსკუთხედის ფორმის სახელგანთქმული მახასიათებელი, მაგრამ ამ დრომდე არავინ ფიქრობდა, რომ სინამდვილეში ისიც მორევი იქნებოდა.

ხანგრძლივმა კვლევამ დაადგინა, რომ ზამთრის მოახლოებისას, ჩრდილოეთ პოლუსის თავზე, სტრატოსფეროს მაღლა, მორევი ყალიბდება. მის ქვეშ მდებარე ნაკადების მსგავსად, ამ მორევსაც ექვსკუთხედის ფორმა აქვს.

ლესტერის უნივერსიტეტის პლანეტარული მეცნიერის, ლეი ფლეტჩერის განცხადებით, ახლად აღმოჩენილი მორევის კიდეები ექვსკუთხედის ფორმისაა და ზუსტად ემთხვევა მის დაბლა, სატურნის ატმოსფეროში გაცილებით ღრმად მდებარე სახელგანთქმულ და უცნაურ ექვსკუთხედს.

მისივე თქმით, ამ ექვსკუთხედს ერთმანეთის იდენტური ორი სხვადასხვა სიმაღლე აღმოაჩნდა — ერთი დაბლა, ღრუბლებში და მეორე მაღლა, სტრატოსფეროში. სინამდვილეში, ექვსკუთხედი აზიდული სტრუქტურა აღმოჩნდა, რომელიც ვერტიკალური მიმართულებით რამდენიმე ასეულ კილომეტრზე ივრცობა.

სატურნის ექვსკუთხედი 1980-იანი წლების დასაწყისში ხომალდმა „ვოიაჯერმა“ აღმოაჩინა და მას შემდეგ დიდ თავსატეხად იქცა პლანეტარულ მეცნიერთათვის. 2006 წელს ხომალდმა „კასინიმ“ მას ხარისხიანი ფოტო გადაუღო და მეცნიერებს უფრო მეტი დეტალის გარკვევის საშუალებაც მიეცათ.

სტრუქტურა უცნაურად სიმეტრიულია და შედგება ატმოსფერული ჭავლური ნაკადებისა და 500 კმ/სთ სიჩქარის ქარებისგან. სიგრძეში გადაჭიმულია 30 000 კილომეტრზე. შედარებისათვის — დედამიწის დიამეტრი 12 742 კილომეტრია, ანუ ამ ექვსკუთხედში თავისუფლად მოთავსდებოდა ორი დედამიწა.

გარდა ამისა, ექვსკუთხედი დაახლოებით იგივე მაჩვენებლით ბრუნავს, რითაც თავად პლანეტა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სტრუქტურა მიბმულია პლანეტის ბრუნვასთან, დაახლოებით ისე, როგორც დედამიწის პოლარული ჭავლური ნაკადები. როგორც წინა კვლევებმა ცხადყო, ბრუნვის გამოყენებით, ექვსკუთხედის ფორმის მიღება სითხეებში შესაძლებელია ლაბორატორიაშიც.

„კასინის“ მიერ ჩატარებული დეტალური კვლევების საფუძველზე თანდათან ნათელი გახდა, რომ ექვსკუთხედი ასობით კილომეტრის სიმაღლეზე ივრცობა და სამხრეთ მორევისგან სრულიად განსხვავებულად იქცევა. ის უფრო ცივია და რა თქმა უნდა, სამხრეთის მორევს ექვსკუთხედის ფორმა არ აქვს. მაგრამ სიმაღლის ცვლასთან ერთად ქარიანი გარემო დრამატულად იცვლება და ექვსკუთხედის ფორმა ღრუბლებიდან გაცილებით ზემოთაც შეიმჩნევა.

ფლეტჩერის თქმით, ერთ-ერთი გზა, რომლითაც შეიძლება ტალღების „ინფორმაცია“ ზედა მიმართულებით გაიჟონოს, არის ე. წ. ევანესენსი, ანუ როდესაც სიმაღლესთან ერთად ტალღების სიძლიერე ეცემა, მაგრამ მაინც საკმარისი სიმძლავრე აქვთ, რათა სტრატოსფეროში შეაბიჯონ.

გამომდინარე იქიდან, რომ „კასინის“ მისია უკვე დასრულებულია, უცნობია, რამდენად შეძლებენ მეცნიერები ამ ფენომენის ბოლომდე ამოხსნას.

კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნა.

მომზადებულია sci.esa.int-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.