სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის გამოძახების შემთხვევები პიკს აღწევს, – ამის შესახებ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე სოლომონ როსტომაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, გამოძახებები დღე-ღამის განმავლობაში 2000 აღწევს, რაც როსტომაშვილის განცხადებით, ვირუსების გავრცელებით აიხსნება.
„გამოძახებების მატება აღინიშნება. 1500 გამოძახება თუ იყო თვეების წინ, დღეს დაახლოებით 2000 გამოძახება გვაქვს დღე-ღამეში. შესაბამისად მომატებულია გამოძახებების რაოდენობა, მაგრამ ეს სეზონურობა ახასიათებს ჩვენს სამსახურს. ზოგადად, ვირუსული ინფექციების სეზონურობა ჩვეულებრივი მოვლენაა. იწყება ნოემბრის დასაწყისიდან, გრძელდება მარტამდე. პიკს აღწევს დეკემბერი-იანვრის გასაყარზე.
სამწუხაროდ, მომატებულია მომართვიანობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიმართ. შეიძლება ითქვას, რომ პიკია ახლა გამოძახებების, მაგრამ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ახორციელებს ყველა გამოძახებაზე რეაგირებას. უბრალოდ აქ არის საუბარი პრიორიტეტების განსაზღვრაზე. პირველ რიგში გამოძახებაზე მიდის ჯგუფი ისეთ შემთხვევებში, სადაც არის კრიტიკული მდგომარეობა და წუთებია გადამწყვეტი ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლისთვის“,- განაცხადა როსტომაშვილმა.
მისივე განცხადებით, არის ისეთი გამოძახებები, როცა სასწრაფოს არ საჭიროებენ. როსტომაშვილი მოუწოდებს მოსახლეობას, გრიპის პირველივე სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ოჯახის ექიმს მიმართონ.
„იგივე მდგომარეობაა ვირუსულ ინფექციებთან დაკავშირებით. სასწრაფოს შეუძლია, ერთჯერადი დახმარება გაუწიოს, როცა ამ დაავადებას სჭირდება გარკვეული მკურნალობა. ამიტომ, თხოვნა იქნება მოსახლეობის მიმართ, რომ პირველივე სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, როგორიც არის მაღალი ცხელება, ყელის ტკივილი, თავის და კუნთების ტკივილი, მიმართონ ამბულატორიულ დაწესებულებებს, ოჯახის ექიმს“,- განაცხადა სოლომონ როსტომაშვილმა.