„112“ მოსახლეობას მოუწოდებს, სასწრაფო-სამედიცინო დახმარება მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში გამოიძახონ
„112“ მოსახლეობას მოუწოდებს, სასწრაფო-სამედიცინო დახმარება მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში გამოიძახონ

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული.

შსს-ს ინფორმაციით, „112“ მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში იღებს მოქალაქეთა შეტყობინებებს და ოპერატიულად გადასცემს შესაბამის საგანგებო სამსახურებს: თბილისისა და რეგიონების სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრებს, საპატრულო პოლიციასა და სახანძრო/სამაშველო სამსახურს.

ამასთან, შსს-ს ცნობით, ქვეყანაში ვირუსული ინფექციების გავრცელების შედეგად, გაზრდილი მიმართვიანობის გამო, შეტყობინებების უწყვეტ რეჟიმში მიღებისთვის და მათი შესაბამისი სამსახურებისთვის დაუყოვნებლივ გადაცემის მიზნით, „112“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. გაიზარდა ცენტრის ოპერატორებისა და დისპეტჩერების რაოდენობა და ცვლაში ნაცვლად 40 ადამიანისა 70 ადამიანი მუშაობს, რაც შეტყობინებების დაყოვნების გარეშე მიღებას უზრუნველყოფს. „112″, ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ასევე ახორციელებს ვირუსული ინფექციების შესახებ ოჯახის ექიმებთან შეტყობინებების გადაცემას.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, „112“ მოუწოდებს მოსახლეობას, მხოლოდ გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევაში გამოიძახონ სასწრაფო-სამედიცინო დახმარება, სხვა შემთხვევებში კი, ამბულატორიულ ცენტრებსა და ოჯახის ექიმებს მიმართონ.