სასტუმრო „ლეოგრანდის“ ადვოკატი - კომპანია არ გაურბის პასუხისმგებლობას
ბათუმში მდებარე სასტუმრო „ლეოგრანდის“ ადვოკატი კახაბერ წერეთელი აცხადებს, რომ კომპანია გამოძიებასთან თანამშრომლობს. როგორც ადვოკატმა პირველ არხს განუცხადა, კომპანია პასუხისმგებლობას არ გაურბის.
„კომპანია არ გაურბის პასუხისმგებლობას – საუბარი იქნება სამართლებრივ, მატერიალურ პასუხისმგებლობაზე თუ ნებისმიერ სხვა ფორმაზე. ამ ეტაპზე, აქტიურად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, მას მიეწოდა დოკუმენტაცია და ეს რეჟიმი გაგრძელდება. არ მინდა, გამოძიების უფლებამოსილებაში შევიჭრა, ყველა საკითხი გამოძიების გასარკვევია, რაც არის კომპანიაზე დამოკიდებული – ეს არის, სრული ინფორმაცია უნდა გადავცეთ გამოძიებას“, – განაცხადა კახაბერ წერეთელმა.
24 ნოემბერს, „ლეოგრანდში“ ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა. შსს-ს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.