სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის საქმეზე დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს
სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის საქმეზე დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს

სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის საქმეზე დაკავებულ პირს წინასწარი დაკავების იზოლატორში გამომძიებლებმა ბრალი წარუდგინეს. ადვოკატების ინფორმაციით, ის ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

„ბრალდება წარედგინა იმ კვალიფიკაციით, რაც უკვე გაცხადებული იყო, 187-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით. არ აღიარებს ბრალს, გამოიყენა დუმილის უფლება. ნებისმიერი დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი განაცხადა, რადგან საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიიღო. შესაბამისად, გამოკითხვა არ განხორციელდა. შენიშვნის სახით დაფიქსირდა მისი პოზიცია, რომ ის არ აღიარებს დანაშაულს და გამოიყენა დუმილის უფლება. უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, მათ შორის კაზინოში ფულის წაგებაზე. გავეცნობით საქმის მასალებს, შინაარსობრივად ჯერ არ შეგვისწავლია, წინასწარ რაიმეს თქმა მისი უფლებების დარღვევა იქნება“, – განაცხადა ადვოკატი პაატა გოგალაძემ.

აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. ჯერ უცნობია მხარეთა პოზიცია, რა შუამდგომლობებს დააყენებენ სხდომაზე.

სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.