სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან რეორგანიზაციის შედეგად 190 თანამშრომელი გათავისუფლდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანების შემდეგ გამოცხადებული რეორგანიზაციის შედეგად, შტატით გათვალისწინებული 4070 პოზიციიდან გათავისუფლდა 190 თანამშრომელი, რომელთაც კანონით დადგენილი წესით კომპენსაციის სახით 2 თვის თანამდებობრივი სარგო მიეცემათ, – ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი.
უწყების ცნობით, რეორგანიზაციის პროცესი 22 თებერვალს დასრულდა.
„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანების შემდეგ, დღის წესრიგში დადგა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში შტატების ოპტიმიზაციის საკითხი, გამომდინარე იქიდან, რომ სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას ფუნქციონირების განსხვავებული სტრუქტურა გააჩნია. შესაბამისად, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განხორციელდა რეორგანიზაცია, რომლის მიზანი იყო სამოქალაქო დანაყოფების შემცირება და სპეციალურ დანაყოფებში ზოგიერთი პოზიციის გაუქმება, და ამ გზით სპეციალურ დანაყოფში და პენიტენციურ დაწესებულებებში ხელფასის ზრდა”, – აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.
უწყების ინფორმაციით, რეორგანიზაციის პროცესი შეეხო როგორც სამოქალაქო დანაყოფს, ასევე სპეციალური დანაყოფის ერთ ნაწილს. კერძოდ, ორად გაიყო გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველო და ჩამოყალიბდა გარე დაცვის მთავარი სამმართველო და ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველო, ხოლო ამ უკანასკნელს შეუერთდა სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველო.
„შედეგად, ესკორტის ოფიცერთა (ყოფილი ბარდაგები/გუშაგები) კორპუსი გაიზარდა და მათი ოდენობა განისაზღვრა 555 საშტატო ერთეულით, რომელთაგან 60-მდე პოზიცია კონკურსის წესით შეივსო, 400-მდე საშტატო ერთეული ყოფილი თანამშრომლებით დაკომპლექტდა, ხოლო ახალ ვაკანსიებზე კონკურსის გამოცხადება იგეგმება. საბოლოოდ, მოცემულმა ცვლილებებმა თავიდან უნდა აგვაცილოს ისეთი შემთხვევები, როდესაც სასამართლო პროცესების ჩაშლა ან გადადება ხდებოდა პატიმართა ბადრაგირების შეუძლებლობის გამო”, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.
მათივე ცნობით, ჩამოყალიბდა მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი, რომელშიც გაიმიჯნა სოციალურ მუშაკთა ფუნქციები შემთხვევის მმართველად და შემთხვევის ადმინისტრატორად, ხოლო რამდენიმე პირი, რომელიც სოციალურ მუშაკად მუშაობდა ისე, რომ საამისო არც პროფესია და არც პრაქტიკული გამოცდილება არ ჰქონდა, გათავისუფლდა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, სოციალური მუშაკის გაჩენილ ვაკანსიებზე უახლოეს მომავალში გამოცხადდება კონკურსი და დეპარტამენტი შესაბამისი განათლების მქონე პირებით დაკომპლექტდება.
„თანამდებობების უფლება-მოვალეობათა შესწავლისა და ანალიზის შედეგად გაიზარდა ცალკეული თანამდებობისათვის (ინსპექტორ-კონტროლიორი, ესკორტის ოფიცერი) თანამდებობრივი სარგოები. პენიტენციური სამსახურის სისტემაში აღმოიფხვრა წლების განმავლობაში მოქმედი პრაქტიკა, როდესაც თანამშრომლები თანამდებობრივ სარგოსთან ერთად სისტემატურად იღებდნენ რამდენიმე ტიპის დანამატს. ყველა დანამატი თანამდებობრივ სარგოსთან გაერთიანდა და ამიერიდან თანამშრომლები მხოლოდ თანამდებობრივ სარგოს, ხოლო განსაკუთრებული დამსახურების შემთხვევაში პრემიას მიიღებენ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად, სამინისტროში ჩამოყალიბდა 8 დეპარტამენტი, ნაცვლად 10 დეპარტამენტისა და 2 სამსახურისა.