ქუთაისის მერია - რეორგანიზაცია სამსახურების ოპტიმიზაციის მიზნით მიმდინარეობს
ქუთაისის მერია - რეორგანიზაცია სამსახურების ოპტიმიზაციის მიზნით მიმდინარეობს

ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია სამსახურების ოპტიმიზაციის მიზნით მიმდინარეობს, – ამის შესახებ პირველ არხს ქუთაისის მერიაში განუცხადეს.

როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რეორგანიზაცია ვინმეს სამსახურიდან გაშვების აუცილებლობას არ გულისხმობს.

„როგორც მოგეხსენებათ 2018 წლის დასაწყისში მერიაში რეორგანიზაცია ჩატარდა, რომლის შედეგად დამტკიცდა მერიის ახალი სტრუქტურა, რომელთა მუშაობამ ნათელყო, რომ მერიისა და მისი სამსახურების გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, მოხდეს სტრუქტურის კიდევ უფრო მეტად ოპტიმიზაცია.

რეორგანიზაცია თავის თავში ნამდვილად არ გულისხმობს ვინმეს სამსახურიდან გაშვების აუცილებლობას. კანონის თანახმად, თუკი რეორგანიზაციის დროს მოსალოდნელია შტატების შემცირება, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია, ამის თაობაზე წერილობით აცნობოს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს.

განხორციელდება თუ არა შტატების შემცირება, ჯერ უცნობია, ამაზე წინადადებები უნდა მოამზადონ სამსახურის უფროსებმა. აღნიშნული დავალება რეორგანიზაციის დაწყების ბრძანების საფუძველზე სამსახურის უფროსებზე გაცემულია“, – აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

„ევროპული საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია პოლიტიკური ნიშნით ხორციელდება.