„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია პოლიტიკური ნიშნით ხორციელდება
„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია პოლიტიკური ნიშნით ხორციელდება

„ევროპული საქართველოს” ქუთაისის ორგანიზაციის წევრები მერიაში მოსალოდნელ რეორგანიზაციაზე საუბრობენ.

ორგანიზაციის წევრების განცხადებით, ხელისუფლება იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში არ მონაწილეობდნენ სადამსჯელო ღონისძიებებს იწყებს.

ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის, დავით გოგისვანიძის თქმით, უცნობია, რამდენ ადამიანს შეეხება რეორგანიზაცია. მისი თქმით, ცნობილია, რომ „ქართული ოცნების“ ბევრი მხარდამჭერია დასაქმების მოლოდინში.

„მერია გეგმავს რეორგანიზაციას. არ არის გამორიცხული, ე.წ. შავ სიაში რიგით თანამშრომლებთან ერთად, ჩინოვნიკები მოხვდნენ. მერია იწყებს სადამსჯელო ღონისძიებას და ამაზე უკვე გააკეთა განცხადება ზოგიერთმა თანამდებობის პირმა. რეორგანიზაცია მართლაც საჭიროა, მაგრამ არა პოლიტიკური ნიშნით. ამასთან, მერიაში აპირებენ ხელფასების გაზრდას“, – განაცხადა დავით გოგისვანიძემ.

ორგანიზაციის წევრმა მერაბ მეშველიანმა ისაუბრა მრავალსართულიანი ბინების სარდაფების პრობლემაზე და განაცხადა, რომ მერიამ სარდაფების გაწმენდისა და საკანალიზაციო ქსელის მოსაწესრიგებლად 150 000 ლარი გამოყო, რაც მისი შეფასებით, არასაკმარისია. როგორც „ევროპული საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციაში ამბობენ, მრავალსართულიანი ბინების სარდაფების პრობლემის მოგვარებას წლების განმავლობაში ითხოვდნენ.