ლაშა ჟვანია - რეორგანიზაციასთან დაკავშირებით პარლამენტთან მჭიდრო კონსულტაცია გვექნება
ლაშა ჟვანია - რეორგანიზაციასთან დაკავშირებით პარლამენტთან მჭიდრო კონსულტაცია გვექნება

რეორგანიზაციასთან დაკავშირებით პარლამენტთან მჭიდრო კონსულტაცია გვექნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ლაშა ჟვანიამ განუცხადა.

მისი თქმით, 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის არა 140, არამედ 60 თანამშრომელი.

„თუმცა საჯარო სამსახურის შესახებ კანონი ასე უცებ რეორგანიზაციას არ და ვერ ითვალისწინებს. საქმე გვაქვს გარკვეულ კოლიზიასთან. ორი კანონი ერთმანეთს ეჯახება. ბუნებრივია, ჩვენ ვარჩევთ გზას, რომელიც საჯარო სამსახურის კანონს ეხება. პარლამენტთან გვექნება მჭიდრო კონსულტაცია და იმედი მაქვს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია ეფექტიანად გაართმევს თავს. საჯარო სამსახურის კანონის თანახმად, არსებობს ერთთვიანი გაფრთხილებისა და რეორგანიზაციის ვადა. თუ ერთი თვის ვადაში რეორგანიზაციის შედეგად, შესაბამისი კვალიფიკაციის საშტატო ერთეულები არის, შეთავაზება მიეცემათ ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებულ პირებს. გარკვეულ ნაწილთან მე პირადად ვმუშაობ. თუ არ მოინახა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამდებობა, მაშინ გათვალისწინებულია ე.წ. მობილობის წესი“, – განმარტა ლაშა ჟვანიამ.

მისი განმარტებით, მობილობის წესის თანახმად, ერთი თვის განმავლობაში, საჯარო სამსახურის ბიურო, რომელიც პრემიერის დაქვემდებარებაშია, ეძებს საჯარო სამსახურებში შესაბამისი კვალიფიკაციისთვის საჭირო თანამდებობებს და სთავაზობს საჯარო მოხელეს. თუ ერთი თვის განმავლობაში ბიურო ვერ მოძებნის ვაკანსიას, ან მოხელემ მიიღო შეთავაზება და არ დათანხმდა, ამის შემდეგ ის გადადის რეზერვში ან თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების შემდეგ მოხელეს უნდა მიეცეს სამი თვის თანამდებობრივი სარგო.

ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა, დიმიტრი გაბუნია კი  – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობას იკავებს.