სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვანო მერაბიშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს
ე.წ. მატროსოვის ციხეში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს.
როგორც ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა აღნიშნა, გამოკითხვა ემსახურება იმას, რომ ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე რაღაც ფორმალური ხასიათის დოკუმენტი წარადგინოს, თითქოს რამე გამოიძიეს.
„ივნისის დასაწყისში მინისტრთა კომიტეტის შემდეგი სხდომაა ჩანიშნული, სადაც განიხილება, რამდენად შეასრულა საქართველოს ხელისუფლებამ მითითებული რეკომენდაციები, სადაც იყო საუბარი იმ პირების დადგენა-დაკავებაზე, ვინც მერაბიშვილის გაყვანა მოახდინა. ჩვენ მოვითხოვეთ არამხოლოდ მერაბიშვილის დაკითხვა, არამედ სხვა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების შესრულება, რაც პროკურატურის მხრიდან არ განხორციელებულა. დღევანდელი დაკითხვიდან არაფერ განსაკუთრებულს არ ველოდები, მათ უბრალოდ დაზარალებულადაც არ სცნეს მერაბიშვილი და დადგენილებით გვითხრეს უარი, რომ ამ საქმეში დაზარალებულად არ იქნება ცნობილიო და ახლა ის არა როგორც დაზარალებული, არამედ როგორც მოწმე იკითხება“, – აღნიშნა ადვოკატმა.
მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილს ყველა პირის ამოცნობა შეუძლია, ვინც ციხიდან ის ციხიდან გაიყვანა.
„მერაბიშვილმა ასევე მიუთითა, რომ იმ ადამიანების ამოცნობაც შეუძლია, ვინც მანქანაში ჩასვა და მიიყვანა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, მაგრამ პროკურატურას ამოცნობა არ ჩაუტარებია. საუბარი, რომ ვიღაცის ამოცნობა ან დასახელება არ შეგვიძლია, სრული ტყუილია. მარშრუტზე, რომელიც ამ ადგილიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტამდე გაიარეს, უამრავი ვიდეოკამერაა. თითქოს, მათ ეს კამერები დაათვალიერეს და ოქმში დააფიქსირეს, რომ საინტერესო ვერაფერი ნახეს. რას ნიშნავს საინტერესო ვერაფერი ნახეს? არ გაიარა შავი ფერის „ჯიპმა“? დროის ზუსტ მონაკვეთს ვუთითებთ, წუთებით და წამებით. იმ მომენტისთვის მერაბიშვილი მხატვრულ ფილმს ერთ-ერთ არხზე უყურებდა, მიუთითა, რა მომენტში შევიდა ციხის დირექტორი და უთხრა, რომ გასულიყო. მიუთითა, როცა დაბრუნდა, რა ადგილას იყო აღნიშნული ფილმის სიუჟეტი. ძალიან ადვილად გამოსაძიებელია, მაგრამ როგორც ჩანს, ხელისუფლება საერთოდ არ აპირებს ამ საქმის გამოძიებას“, – განაცხადა ადვოკატმა.
ამასთან, როგორც გამომძიებელმა თამარ ვახანიამ აღნიშნა, მერაბიშვილი გამოიკითხება, რათა დადგინდეს, შეუძლია თუ არა იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებმაც, მისი განმარტებით, მოახდინეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან გაყვანა.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამ პირების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით, ივანე მერაბიშვილმა უკვე ორჯერ მისცა ჩვენება. კერძოდ, 2014 წელს, ანუ ხუთ წლის წინ მას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომელმა ახსნა-განმარტება ჩამოართვა. ასევე, მეორედ, 2016 წელს იგი მოწმის სახით გამოიკითხა აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით. ორივე შემთხვევაში ამოცნობის ჩატარება გახდა შეუძლებელი, ვინაიდან მერაბიშვილმა გამოკითხვის მიმდინარეობისას ვერ დაასახელა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან შესაძლო გაყვანასთან დაკავშირებული პირების ვიზუალური მახასიათებლები. დღეის მდგომარეობით, სწორედ ამ მიზნით ტარდება გამოკითხვა, ივანე მერაბიშვილი შეძლებს თუ არა აღნიშნულ პირთა იდენტიფიცირებას და შემდეგში გახდება თუ არა შესაძლებელი ამოცნობის ჩატარება“, – განაცხადა თამუნა ვახანია.