სამუდამოდ არაფერი გრძელდება. თუ კარგად მოძებნით, ყველგან იპოვით გარდაუვალი მასობრივი გადაშენების უამრავ მტკიცებულებას. საინტერესო კი ისაა, რომ როგორც ჩანს, ამ ეპიკური სიკვდილიანობის უკან მდგომი ძალა შესაძლოა, იმაზე დიადი იყოს, ვიდრე აქამდე გვეგონა.
როგორც მილიონობით წლის წინანდელი სუპერნოვების ახალი კვლევა გვთავაზობს, დედამიწასთან საკმარისად ახლო მანძილზე აფეთქებულმა ვარსკვლავმა შესაძლოა, დედამიწის ატმოსფეროში სასტიკი ცვლილებები გამოიწვიოს. მათ შორის, გაანადგუროს პლანეტის დამცავი ოზონის ფენა, რაც დროთა განმავლობაში დრამატულად შეამცირებს დედამიწაზე სიცოცხლის გადარჩენის შანსებს.
როგორც ცნობილია, ვარსკვლავში თერმობირთვული რეაქცია მიმდინარეობს. რეაქციის მიმდინარეობასთან ერთად, მასში მონაწილე ნივთიერების რაოდენობა იკლებს და წამოიქმნება
წითელი გიგანტი. ამ დროს, რეაქციის შედეგად წარმოქმნილი წნევა მცირდება და დგება მომენტი, როცა წითელი გიგანტის შიგნით არსებულ წნევას მისივე მიზიდულობის ძალა გადააჭარბებს ანუ არსებული წონასწორობა ირღვევა. ზედა ფენებში არსებული მატერია „ჩაიქცევა“ და დიდი აჩქარებით დაეცემა ცენტრში არსებულ მატერიას. ხდება აფეთქება, რის შედეგადაც ვარსკვლავის მატერია დიდი სიჩქარით გაიტყორცნება სივრცეში. ამ მომენტს
სუპერნოვა ჰქვია.
სუპერნოვა დაკვირვებად სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული მოვლენაა. აფეთქების ენერგია გამოსხივდება ყველა დიაპაზონში და მთლიანად პროცესი უაღესად მასშტაბურია. გამოსხივების სიმძალვრე ზოგჯერ მთელი გალაქტიკის გამოსხივებასაც კი აღემატება. აფეთქების შედეგად ვარსკვლავს ჩამოსცილდება ზედა ფენები, რჩება მხოლოდ ბირთვი, კომპაქტური ობიექტი, რომლის თვისებებს მხოლოდ მისი მასა, შესაბამისად, გრავიტაციული ველის ძალა განსაზღვრავს. მასში არსებული მატერია თავისივე გრავიტაციის გამო იკუმშება და სიმკვრივე წარმოუდგენელ სიდიდეს აღწევს.
„გვაინტერესებდა, რამდენად აზიანებს დედამიწაზე არსებულ სიცოცხლეს ვარსკვლავების აფეთქება. როგორც ირკვევა, რამდენიმე მილიონი წლის წინ, ცოცხალ ორგანიზმთათვის ჩვენს პლანეტაზე რაღაც მნიშვნელოვნად შეიცვალა. დიდი ალბათობით, ეს ყველაფერი სუპერნოვასთანაა დაკავშირებული“, — ამბობს კანზასის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ბრაიან თომასი.
სუპერნოვები, რომლებსაც თომასი იკვლევდა, 2,5 და 8 მილიონი წლის წინ აფეთქდა, მზის სისტემიდან დაახლოებით 160 სინათლის წლის მანძილზე.
შესაძლოა, ეს მანძილი არც ისე პატარაა, მაგრამ როგორც თომასი აღნიშნავს, სუპერნოვადან კოსმოსური გამოსხივების გავრცელების თვალსაზრისით, საკმაოდ ახლოა.
ბრაიან თომასი იმ ჯგუფის წევრი იყო, რომელმაც შარშან ხელახლა შეისწავლა, თუ რამხელაა სუპერნოვას კოსმოსური გამოსხივების „მომაკვდინებელი ზონა“.
იმ დროისთვის, თომასმა მოდელების მთელი სერია შექმნა, რომლებიც აჩვენებდა, სუპერნოვას მიერ წარმოქმნილი რა სახის სხივები მოქმედებდა დედამიწის ატმოსფეროს ფენებთან.
თომასის თქმით, სწრაფად მოქმედი მომაკვდინებელი ტალღის წარმოქმნის ნაცვლად, სუპერნოვას მაღალენერგიული ნაწილაკები დედამიწის ატმოსფეროს დროთა განმავლობაში, ასობით ან ათასობით წელიწადს უნდა ურტყამდნენ.
ამ ფენომენის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეფექტს რადიაციულ ტრანსფერს უწოდებენ. იგი ანადგურებს ჩვენს ატმოსფეროში არსებულ ოზონს და პიკს დედამიწასთან პირველი ნაწილაკების დაჯახებიდან 300 წლის შემდეგ აღწევს.
ოზონის ფენის ამჟამინელი პრობლემიდან გამომდინარე, კარგად ვიცით, რომ მისი დაზიანების შედეგად, დედამიწის ზედაპირზე აღწევს უფრო მეტი ულტრაიისფერი სინათლე. თომასის გათვლებით, ულტრაიისფერი B (UVB) რადიაციის ოდენობა 1-დან 2,8-მე უნდა გაზრდილიყო.
მართალია, ეს მაჩვენებელი მასობრივ გადაშენებას ვერ გამოიწვევდა, მაგრამ თუ საკმაო ხანს გაგრძელდებოდა, საუბარია ასობით და ათასობით წელზე, შედეგი კატასტროფული იქნებოდა. დაზიანდებოდა დნმ, რის გამოც პლანეტაზე სიცოცხლის მრავალი ფორმა უბრალოდ განადგურდებოდა ან გადარჩენის შანსი თანდათან გაუქრებოდა.
თომასის განცხადებით, ამ სახის ეფექტების ხილვა კარგადაა შესაძლებელი 2,5 მილიონი წლის წინანდელ ნამარხებში.
მისი თქმით, ცვლილებები განსაკუთრებით აფრიკას შეეხო, რომელიც ტყიანიდან უფრო ბალახიანი გახდა.
აღნიშნული კვლევა გადაჭრით არაფერს ამტკიცებს, მაგრამ ფაქტია, რომ დედამიწას იმ დროს სერიოზული ზიანი აქვს განცდილი. როგორც ჩანს, ასობით ან ათასობით წლის განმავლობაში გაზრდილმა რადიაციამ დედამიწის სიცოცხლის ფორმებს მუსრი გაავლო.
კვლევა ჟურნალ Astrobiology-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია astrobio.net-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით