სასამართლოს გადაწყვეტილებით, მედეა ვასაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჭეიშვილს ერთი ლარი უნდა გადაუხადოს და მის შესახებ განცხადება მედიით უარყოს
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მედეა ვასაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჭეიშვილს ერთი ლარი უნდა გადაუხადოს და მის შესახებ განცხადება მედიით უარყოს

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, მედეა ვასაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი ჭეიშვილს ერთი ლარი უნდა გადაუხადოს და მედიასაშუალებებში უარყოს რამდენიმე წლის წინ გაკეთებული განცხადება, რომ ჭეიშვილი თურქეთიდან მეგობარს ნარკოტიკების გადმოტანაში დაეხმარა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიღო საქმეზე ირაკლი ჭეიშვილი მედეა ვასაძისა და მურმან დუმბაძის წინააღმდეგ. ჭეიშვილმა სასამართლოს 2015 წელს მიმართა და მის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების უარყოფა, ასევე მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სიმბოლურად ერთი ლარი მოითხოვა. მედეა ვასაძემ რამდენიმე წლის წინ განაცხადა, რომ ირაკლი ჭეიშვილმა ერთ-ერთი მეგობარი სარფის საზღვარზე სახელმწიფოს კუთვნილი ავტომანქანით გადაიყვანა და უკანვე გადმოიყვანა. მანქანაში მყოფ პირს კი, საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ სამართალდამცველებმა ნარკოტიკები აღმოუჩინეს და დააკავეს.

ჯერჯერობით უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა მედეა ვასაძე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში.