სასამართლომ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული 85 წლის ომარ გამყრელიძე პატიმრობაში დატოვა
თელავის რაიონულ სასამართლოში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა.
ადვოკატმა გილერი ენდელაძემ სასამართლოს 85 წლის ბრალდებულ ომარ გამყრელიძის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ შუამდგომლობით მიმართა, თუმცა მოსამართლე ზვიად შარაძემ, დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ომარ გამყრელიძეს კვლავ პატიმრობაში დატოვა.
სასამართლო პროცესს დაკავებული 85 წლის ომარ გამყრელიძე ესწრებოდა. ის წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება.
შემდეგი სასამართლო სხდომა 6 აგვისტოს 14:00 საათზე გაიმართება.
ყანდაურაში მკვლელობა 3 მაისს მოხდა. შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 85 წლის ომარ გამყრელიძემ ცეცხლსასროლი იარაღით შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, ავადმყოფი მეუღლე კი დაჭრა. 85 წლის მამაკაცი პოლიციამ დააკავა. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოგვიანებით, შსს-მ ამავე საქმეზე ბრალდებულ ომარ გამყრელიძის შვილიშვილი დააკავა.
შსს-ს ინფორმაციით, სოფელ ყანდაურაში სროლა ორი სხვადასხვა იარაღით განხორციელდა, შემთხვევის ადგილიდან მხოლოდ ერთია ამოღებული.
23 ივლისს ომარ გამყრელიძეს ბრალი დაუზუსტდა და როგორც ადვოკატმა განმარტა, ამჟამად მას არა მკვლელობას, არამედ მკვლელობაში დახმარებას ედავებიან.