სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ორი ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა
თბილისის საქალაქო სასამართლოში, გუშინ, ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის, ბესიკ გაზდელიანის პროცესი გაიმართა. ის პარტია „ნაციონალური მოძაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრია.
შსს-ს წარმომადგენლის განცხადებით, მოქალაქე არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, იკავებდა სავალ ნაწილს და ხელს უშლიდა მოქალაქეთა გადაადგილებას. მისივე თქმით, ბესიკ გაზდელიანი ყვიროდა და იყო აგრესიული.
დაკავებულის ადვოკატი შსს-ს წარმომადგენლის განმარტებას არ ეთანხმება. მისი თქმით, პოლიციელის მოწოდება იყო უკანონო, რადგან ბესიკ გაზდელიანის მხრიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია.
ადმინისტრაციული სახდელის სახით შსს-მ ჯარიმა მოითხოვა, დაკავებული პირის ადვოკატმა კი, სამართალწარმოების შეწყვეტას, უკიდურეს შემთხვევაში კი, სიტყვიერ გაფრთხილებას მოითხოვდა.
ბესიკ გაზდელიანი სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის დააკავეს.