სასამართლომ მერაბ მორჩაძის საქმეს დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა მტკიცებულებად არ დაურთო
სასამართლომ მერაბ მორჩაძის საქმეს დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა მტკიცებულებად არ დაურთო. ეს მოთხოვნა მერაბ მორჩაძის ადვოკატს ჰქონდა, რაზეც წინასასამართლო სხდომის მოსამართლემ უარი განაცხადა. ადვოკატს სურდა, რომ საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში დაეკითხათ: სერგი კაპანაძე, გიგა ბოკერია და ოთარ კახიძე.
„სასამართლომ დაუშვებელ მტკიცებულებად ცნო დაცვის მხარის ისეთი მტკიცებულება, როგორც არის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა. მორჩაძე ერთ-ერთია, ვინც საპარლამენტო კომისიამ გამოკითხა. დასკვნა დაუშვებლად იქნა ცნობილი. დაცვის მხარის მიერ გაჟღერებული მოწმეები იყვნენ სერგი კაპანაძე, ოთარ კახიძე და გიგა ბოკერია“, – განაცხადა ადვოკატმა ლანა ცერცვაძემ.
მთავარი საგამოძიებო უწყება აცხადებს, რომ მორჩაძის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებებია, მათ შორის მნიშვნელოვანი მოწმეები. პროკურორის თქმით, დაიკითხება მ.კ., რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მთავარი მოწმეა.
„დასრულდა წინასასამართლო სხდომა. სასამართლომ მხარეთა მიერ მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი გაიზიარა. ბრალდების მხარის მტკიცებულებები ცნო დასაშვებად. დაცვის მხარის მტკიცებულებების ნაწილი ცნო დაუშვებლად. მოცულობითი და მრავალტომიანი საქმეა. არსებობს მოწმეთა ჩვენებები და სხვა ნივთიერი მტკიცებულებები. ყველა მოწმე, ვინც სიაშია, სასამართლოში დაიკითხება“, – განაცხადა პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა.
მერაბ მორჩაძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან მკვლელობის ერთ-ერთ მთავარ მოწმეზე, მ.კ-ზე ჩვენების შეცვლის მიზნით ზემოქმედება მოახდინა და გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სასამართლოში მისთვის სასურველი ჩვენების მიცემას სთხოვდა.
პროკურატურის ინფორმაციით, მორჩაძე კალანდიების ოჯახის ახლობელია და მათთან სტუმრად ხშირად იმყოფებოდა. კალანდიების ოჯახთან ახლობლობას არც მორჩაძე უარყოფს, თუმცა მისთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
შემდეგი სხდომა ამ საქმეზე 25 ოქტომბერს, 15:00 საათზეა ჩანიშნული.