თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმის განხილვა გაიმართა.
სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები, ორი გამომძიებელი და შსს-ის პრესსამსახურის ერთი თანამშრომელი დაიკითხნენ. გამომძიებლებმა ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე ისაუბრეს, ხოლო პრესსამსსხურის თანამშრომელმა იმ ვიდეო მასალებზე ისაუბრა, რომელიც შსს-ის პრესცენტრმა 20 ივნისის მოვლენების დროს გადაიღო.
თავად ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილი სხდომას არ ესწრებოდა.
დღეს ასევე ირაკლი ოქრუაშვილის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელეს, თუმცა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
„ერთსა და იმავე პერიოდში სხვადასხვა გამომძიებელი ზუსტად იდენტურ სიტყვებს იყენებს და გრამატიკულ შეცდომებს უშვებს სხვდასხვა ჩევენებებში. ეს არის, რა თქმა უნდა, შეკითხვების არსებობის საფუძველი. გარდა ამისა, ირკვევა, რომ კონკრეტული გამომძიებელი აცხადებს, რომ კონფლიქტი 20 ივნისს მოხდა საზოგადოებასა და პოლიციას შორის და პრაქტიკულად პოლიციამ, ანუ მხარემ გამოიძია საქმე, რაც ობიექტურობას ვერ შეუწყობდა ხელს“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა, ვახტანგ იაშვილმა.
გამოძიება ოქრუაშვილს 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება.
მომდევნო სხდომა 23 იანვარს 13:00 საათზე ჩაინიშნა.