ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
პროკურატურა სასჯელის ზომად დანაშაულისთვის გათვალისწინებულ მაქსიმალურ ვადას, 15-წლიან პატიმრობას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე ეკა ბებიამ ესებუას სასჯელის სახედ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ბადრი ესებუას ბრალად ედება 2020 წლის 21 ოქტომბერს „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმა. აღნიშნულ საქმეზე 2020 წლის 27 ნოემბერს ესებუას დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება სსკ-ის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი), სსკ-ის 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით), სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება) და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება), რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თავად ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.
დაცვის მხარე განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
ბადრი ესებუა 2023 წლის 8 თებერვალს დააკავეს.