რატი ბრეგაძე - ესებუას დაკავება არის არა მხოლოდ სამართლიანობის აღდგენა, არამედ გამაფრთხილებელი სიგნალი ცდუნებას აყოლილი კრიმინალური რომანტიკოსებისთვისაც
რატი ბრეგაძე - ესებუას დაკავება არის არა მხოლოდ სამართლიანობის აღდგენა, არამედ გამაფრთხილებელი სიგნალი ცდუნებას აყოლილი კრიმინალური რომანტიკოსებისთვისაც

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ბადრი ესებუას დაკავებას სოციალური ქსელით ეხმაურება და პოლიციელებს რთული ოპერაციის წარმატებით დასრულებას ულოცავს.

„ვულოცავ ყველა პოლიციელს, ვახტანგ გომელაურის ხელმძღვანელობით, რთული ოპერაციის წარმატებით დასრულებას. ესებუას დაკავება არა მხოლოდ სამართლიანობის აღდგენა, არამედ ასევე გამაფრთხილებელი სიგნალია ცდუნებას აყოლილი კრიმინალური რომანტიკოსებისთვისაც“, – წერს რატი ბრეგაძე.

„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმასა და მძევლების აყვანაში ბრალდებული ბადრი ესებუა სამართალდამცველებმა სამეგრელოში, სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს.

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. თავდამსხმელს რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი 43 ადამიანი. გამოძიების ინფორმაციით, თავდამსხმელმა ბანკიდან ნახევარი მილიონი დოლარის წაღება შეძლო.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით აღიძრა, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.