ბადრი ესებუას ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავების დეტალები მისთვის უცნობია და ბრალდებულთან შეხვედრას დღეს აპირებს
ბადრი ესებუას ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავების დეტალები მისთვის უცნობია და ბრალდებულთან შეხვედრას დღეს აპირებს

ბადრი ესებუას ადვოკატი იოსებ ჯანაშია აცხადებს, რომ ესებუას დაკავების დეტალები მისთვის უცნობია და დაკავების შესახებ თავადაც მედიისგან შეიტყო.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულებას ქუთაისის N 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს აპირებს.

„როდის და რა ვითარებაში მოხდა მისი დაკავება, ჩემთვის უცნობია. მე ჟურნალისტებისგან გავიგე მისი დაკავების შესახებ. შემდგომ ველაპარაკე ბრალდების მხარეს, ამ შემთხვევაში პროკურორს. მასთან ლაპარაკში გავარკვიე, რომ ისიც არ იყო საქმის კურსში. შემდგომ როგორც გავარკვიეთ, დაკავებული ყოფილა სოფელ ჯიხაშკარში და ამჟამად სამხარეო პოლიციის თანამშრომლებს გადაჰყავთ ქუთაისის N 2 დაწესებულებაში. დღეს ვაპირებ მისვლას, დღის ბოლოსკენ“, – განაცხადა ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ.

„საქართველოს ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს დილით გავრცელდა.

ესებუას დაკავების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია და ვიდეომასალა უკვე გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

პირველი არხის ინფორმაციით, ბადრი ესებუა სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს.

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა.  შსს-ს ინფორმაციით, ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. თავდამსხმელს რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი 43 ადამიანი. გამოძიების ინფორმაციით, თავდასხმელმა ბანკიდან ნახევარი მილიონი დოლარის წაღება შეძლო.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით აღიძრა, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.