სასამართლომ „ანას ბაღთან“ მშენებლობის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმის განხილვის დასრულებამდე „ანას ბაღთან“ კორპუსის მშენებლობის შეჩერებაზე განჩინება გამოსცა. ამის შესახებ პირველ არხს ადვოკატმა, მუხრან ღურწკაიამ განუცხადა.
ადვოკატის თქმით, სასამართლოში მოქალაქეები მშენებლობის ნებართვის ბათილობას მოითხოვენ. მისივე თქმით, საქმის განხილვის დასრულებამდე სასამართლოს გადაწყვეტილებით მშენებლობა შეჩერდება.
ადვოკატმა სასამართლოს განჩინება თბილისის მერიაში ჩააბარა.
„მოსამართლე ანა ჩხეტიამ დღეს დააკმაყოფილა მოქალაქეთა ეს მოთხოვნა და საქმის განხილვის დასრულებამდე მშენებლობა შეაჩერა. ახლა ჩვენ ვაბარებთ მერიაში ამ განჩინებას და ზედამხედველობის სამსახურმა უნდა შეატყობინოს კომპანიას ამ გადაწყვეტილების შესახებ. ეს არის პირველი გამარჯვება ჩვენი ბრძოლის“, – განაცხადა ადვოკატმა.