სასამართლო პროცესზე 26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე დაზარალებული ვახტანგ გიგინეიშვილი დაიკითხა
თბილისის საქალაქო სასამართლოში 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე ერთ-ერთი დაზარალებული ვახტანგ გიგინეიშვილი დაიკითხა.
როგორც მან აღნიშნა, აქციაზე რუსთაველის გამზირზე მეგობართან ერთად იყო, მცდელობის მიუხედავად, ტერიტორიის დატოვება ვერ შეძლო, რადგან რუსთაველის გამზირისთვის სპეცრაზმს ალყა ჰქონდა შემორტყმული.
როგორც მან აღნიშნა, აქციის ღამეს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. ასევე, წაიყვანეს პოლიციის სამმართველოში, სადაც პირადი ნივთები წაართვეს. ამასთან, სპეცრაზმმა ფიზიკური დაზიანებები მიაყენა სხვა მოქალაქეებსაც, რომლებიც ტერიტორიიდან გასვლასა და რუსთაველის გამზირის დატოვებას ცდილობდნენ.
„როცა ნიღბიანები დავინახეთ, ეკლესიასთან ვიდექით. სპეცრაზმელები რომ გამოვიდნენ, უკვე წასვლა გვინდოდა. ხალხში ვიყავით, მერე გამოვედით, გადაკეტილი იყო და ვერ გავედით. კინოთეატრში შევედით, სადაც ხალხი შეცვივდა. ყველგან გადაკეტილი იყო გზა. დაგვიწყეს გინება, ჩემი ძმაკაცი სცემეს, ნეკნი ჰქონდა ჩატეხილი, მეც მცემეს“, – განაცხადა გიგინეიშვილმა.
26 მაისის საქმეზე ძალის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთ ყოფილ მაღალჩინოსანს აქვს წარდგენილი. მათ შორის არიან შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, ასევე ვასილ ლელუაშვილი, რევაზ შიუკაშვილი და ლევან ქარდავა.