სასამართლო ლევან ზურაბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს [ფოტო]
თბილისის საქალაქო სასამართლო მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით ბრალდებულ ლევან ზურაბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. ადვოკატები მისთვის 1000-ლარიანი გირაო შეეფარდებას ითხოვენ.
ადვოკატ გიორგი ჭოჭუას თქმით, დაკავებულს სურს, გამოძიებასთან ითანამშრომლოს და სიმართლე დადგინდეს.
„პატიმრობის სანაცვლოდ მოვითხოვ 1000 ლარის ოდენობით გირაოს, ესეც იქიდან გამომდინარე, რომ მას სურს რეალურად ჭეშმარიტება დადგინდეს, ითანამშრომლოს გამოძიებასთან, ამაზე ამიტომ ვართ თანახმა. არანაირი მძევლობა ეს არ ყოფილა, არავისთვის არ შეუზღუდავს გადაადგილება, არავისთვის არ მიუმართავს უხეშად. ის იქ მყოფებს ეუბნებოდა, დაეტოვებინათ შენობა, მაგრამ არ გადიოდნენ. ზოგიერთი იყო თანამშრომელი, მოლარე, მენეჯერი“, – განაცხადა ადვოკატმა.
რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურატურა დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.
„დანიშნულია ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომ დავადგინოთ, რა მდგომარეობაში იყო, რამდენად წარმოადგენს საზოგადოებისთვის საშიშროებას. ყველა დაზარალებულს მასთან კავშირი ჰქონდა. რეალური საფრთხეა მათზე ზეგავლენის და შეიძლება, გადაიზარდოს მძიმე შედეგში, ახალ დანაშაულში. დღისით, მზისით შედის ისეთ შენობაში, რომელიც არის ხალხმრავალი ადგილი, ემუქრება მათ, ახდენს ამის დემონსტრირებას, ემუქრება სიცოცხლის მოსპობით. ზუსტად ეს გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მან შეიძლება, მოწმეებზე მოახდინოს ზემოქმედება. სწორედ ამიტომ გვსურს ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ვერანაირი სხვა ნაკლებად მკაცრი აღკვეთი ვერ იქნება გარანტი და მისი შემდგომი საქციელის შემაკავებელი“,- განაცხადა პროკურორმა ანჟელა გეთიამ.
შეგახსენებთ, ოფიციალური ინფორმაციით, 20 ნოემბერს, თბილისში, წერეთლის გამზ. №12ა-ში მდებარე შპს „მიკრო ბიზნეს კაპიტალის“ შენობაში შეიჭრა პირი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის მსგავსი საგნების გამოყენების მუქარით, სხვადასხვა მოთხოვნების შესრულების სანაცვლოდ, შენობაში მყოფი 19 ადამიანი მძევლად აიყვანა.
ლევან ზურაბაშვილს მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი. ასევე, საქმეზე დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა.
გამოძიება სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.