გიული ალასანია - მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის და 7 ნოემბერთან დაკავშირებით დეტალების მიმოხილვის შემდეგ, შეკითხვები აღარ უნდა დარჩეს
გიული ალასანია - მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის და 7 ნოემბერთან დაკავშირებით დეტალების მიმოხილვის შემდეგ, შეკითხვები აღარ უნდა დარჩეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას შეფასებით, 7 ნოემბერთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე სააკაშვილის მიერ დეტალების მიმოხილვის შემდეგ კითხვები აღარ უნდა დარჩეს.

გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილს ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრების სურვილიც აქვს.

„დიდი განსხვავება ვერ შევამჩნიე დღეს, ძირითადად იჯდა. ფერმენტები დაბალია. მე უფრო ვღელავდი მაშინ. ვრცელი გამოსვლა ჰქონდა, გაძლო, ფეხზე იდგა. იმედია, ხვალაც იგივე მოხდება. მისი გამოსვლა ჩემთვისაც იყო ძალიან საინტერესო, ბევრი ისეთი რამ გავიგე, რაც არ ვიცოდი. ამ გამოსვლის და დეტალების მიმოხილვის შემდეგ, რაც 7 ნოემბერს უკავშირდება, შეკითხვები აღარ უნდა დარჩეს.

განწყობილია, იყოს ხვალ პროცესზე. შეხვედრის დროს უფრო თავის შვილს ელაპარაკებოდა. დიდი ხანია, არ ჰყავდა ნანახი. ედუარდის განცხადებაზე არ მილაპარაკია. ედუარდი ადევნებს თვალს ყველაფერს, რაც იწერება „ფეისბუქში“, გამოსვლებში. მაგის მოგონილი არაფერი არ იყო, რაც თქვა, როგორც ჩანს, მოისმინა და აკეთებს შემდეგ ანალიზს. ის არ ცხოვრობს საქართველოში, თავისი შეხედულებები, თავისი აზრი აქვს. ოჯახი არა, რომელ პოზიციას ვიზიარებთ, ყველას თავისი აზრი აქვს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

რაც შეეხება შეკითხვას: „ედუარდის სწავლის ხარჯებიც შედის თანხაში, რასაც ედავება მიხეილ სააკაშვილს გამოძიება. დაიხარჯა თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტიდან სწავლის თანხა?“, – გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ამის გაკეთება გამორიცხულია.

„თავისი შვილის სწავლის დაფინანსებაზე მეკითხებით, აბსოლუტურად გამორიცხულია ჩემი შვილის ბუნებიდან გამომდინარე. ადამიანი მზად იყო, ჩვენთვის წაეგლიჯა ყველაფერი და დაედო. ჩემი მშობლების სახლი დაანგრია წასვლის წინ, რომ იქ ბიბლიოთეკა დაედგა“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ამასთან, ედუარდ სააკაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილს დიდი იმედი აქვს, რომ ხვალინდელ პროცესზე დასწრების შესაძლებლობა ექნება.

„ეს იყო ზოგადად მეორე შეხვედრა, თუმცა გადაყვანის შემდეგ პირველი. სისუსტე შეიმჩნევა, თუმცა არის კარგ ფსიქოლოგიურ ფორმაში. დიდი იმედი აქვს, რომ პროცესზე დასწრების შესაძლებლობა ექნება. პოლიტიკაზე არ გვისაუბრია. მოვინახულეთ, ძალიან სასიამოვნო შეხვედრა იყო“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილის შვილმა ედუარდ სააკაშვილმა.