სასამართლო კეკელიძის ქუჩაზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს
სასამართლო კეკელიძის ქუჩაზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 23 იანვარს კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ოჯახის გამოსახლებისას სისხლის სამართლის წესით დაკავებული აკაკი ჩიქობავას და გიორგი ხასაიას პროცესი მიმდინარეობს.

აკაკი ჩიქობავას და გიორგი ხასაიას მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

როგორც პროკურორმა, როინ ხინთიბაძემ განაცხადა, ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული დასტურდება მოწმეების ჩვენებებით და ვიდეომტკიცებულებებით, საიდანაც ჩანს, როგორ აზიანებენ დაკავებულები აღსრულების ბიუროს ავტომანქანას.

მისივე განმარტებით, დანაშაული მძიმე კატეგორიის არის და 3-დან და 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება თავად ბრალდებულების პოზიციას, აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებენ. როგორც მათ სასამართლოში განაცხადეს, აღსრულების ბიუროს ავტომანქანის დაზიანებით ცდილობდნენ ყურადღების გადატანას, რომ გამოსახლების პროცესი შეეჩერებინათ.

„ნაწილობრივ ვაღიარებ, არ ვაღიარებ ჯგუფურობას. გამოსახლება დილიდან იყო დაგეგმილი, მობილიზებული იყვნენ. მომინდა, ზიანი მიმეყენებინა ავტომანქანისთვის და ყურადღება გადამეტანა, რომ შეჩერებულიყო გამოსახლება“, – განაცხადა აკაკი ჩიქობავამ.

გიორგი ხასაიას განმარტებით კი, ოჯახში მოხუცები, ბავშვები იყვნენ და ამ მეთოდით ცდილობდნენ, შეეჩერებინათ გამოსახლება.

„მეხუთე გამოსახლების მცდელობაა. აღსრულებასთან ერთად, საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური ჩაერთო. კედლების განგრევა, გაჭრა, ძალიან კონფრონტაციული პროცესი იყო. ადამიანების ნაწილი შიგნით იყო, როდესაც მხუთავი აირი შეუშვეს, რომ გარეთ გამოსულიყვნენ. ბოლო მომენტში, როდესაც ჩვენ ვხედავდით, რომ მწვავდებოდა სიტუაცია, გამოსახლება იყო გარდაუვალი და შიგნით შედიოდნენ, ეს იყო ბოლო ქცევა. სახლში არასრულწლოვანი ბავშვი, მოხუცი იმყოფებოდნენ, უკანა ეზოში ვნახეთ ჩაქუჩები და ეს ქმედება ჩვენ ჩავიდინეთ, რომ გადაგვერჩინა ოჯახი გამოსახლებისგან“, – განაცხადა გიორგი ხასაიამ.

ადვოკატი ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს. მისი განცხადებით, ისინი მზად არიან, ზიანის სახით 3 380 ლარი აანაზღაურონ.