სასამართლო ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის საქმეს განიხილავს
სასამართლო ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის საქმეს განიხილავს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ-ს საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღეს ბრალდების მხარე 4 არასრულწოლოვან მოწმეს წარადგენს. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატები შუამდგომლობის დაყენებას გეგმავენ, რომ საქმეს მტკიცებულებად საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნა დაერთოს.

„წარდგენილი გვაქვს შუამდგომლობა, რომლითაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საქმისთვის დართვას ვითხოვთ, ვინაიდან დასკვნაში პირდაპირ და ცალსახად წერია, თუ როგორ მიკერძოებულად და არაობიექტურად წარიმართა გამოძიება.

გამომძიებლებისა და პროკურორების მიერ არაერთგზის დაშვებულმა შეცდომებმა და საგამოძიებო მოქმედებების არ ჩატარებამ შეუშალა ხელი მართლმსაჯულებას და არა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ მიცემულმა ჩვენებამ. აქედან გამომდინარე, საგამოძიებო კომისიის დასკვნა არის უმნიშვნელოვანესი და მასში ცალსახად წერია, რამ შეუშალა ხელი მართლმსაჯულებას. საგამოძიებო კომისიას გაზიარებული აქვს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ჩვენება, ასევე, სასამართლოსაც გაზიარებული აქვს. თუ მან ცრუ ინფორმაცია მიაწოდა, როგორ გაიზიარა მისი ჩვენება ჯერ სასამართლომ და შემდეგ უკვე საგამოძიებო კომისიამ? აქედან გამომდინარე, ცალსახად დასტურდება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და უკანონო პატიმარია“, – განაცხადა ადვოკატმა ფრიდონ სიხუაშვილმა.

გამოძიება დ.ღ.-ს ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემას ედავება. ის ივლისში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვანი ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ესაუბრა მოკლული დავით სარალიძის მამასაც, თუმცა, შსს-ს ცნობით, სასამართლო განხილვის სტადიაზე მან მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო.

ადვოკატების ინფორმაციით, წარდგენილ ბრალდებაში არასრულწლოვანი თავს ნაწილობრივ დამნაშავედ ცნობს. მათი თქმით, ეს ეხება ზაზა სარალიძესთან შეხვედრას. ადვოკატების ცნობით, მან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ზაზა სარალიძის თხოვნით არ გაახმაურა.