სასამართლო ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის დაკავებული არასრულწლოვანის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. სხდომა ცოტა ხნის წინ დაიწყო.
ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს, ხოლო დაცვის მხარე გირაოს შუამდგომლობას დააყენებს.
დ.ღ.-ს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს, რის შემდეგაც, პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე მიმართა.
დ.ღ.-ს გამოძიება ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემას ედავება. ასევე, გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვანი ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ესაუბრა მოკლული დავით სარალიძის მამასაც, თუმცა, შსს-ს ცნობით, სასამართლო განხილვის სტადიაზე მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო.
ადვოკატების ინფორმაციით, წარდგენილ ბრალდებაში არასრულწლოვანი თავს ნაწილობრივ დამნაშავედ ცნობს. მათი თქმით, ეს ეხება ზაზა სარალიძესთან შეხვედრას. მისი თქმით, შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ზაზა სარალიძის თხოვნით არ გაახმაურა.