საქსტატი - იანვარ-აგვისტოში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა აზერბაიჯანი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი - თურქეთი
საქსტატი - იანვარ-აგვისტოში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა აზერბაიჯანი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი - თურქეთი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.0 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს აზერბაიჯანი იკავებს 567.8 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა სომხეთი 552.3 მლნ. აშშ დოლარითა და მესამეზე –  რუსეთი 461.4 მლნ. აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, უწყების მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან: თურქეთი – 1 644.7 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 1 225.5 მლნ. აშშ დოლარითა და აშშ – 1 190.1 მლნ. აშშ დოლარით.

ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1 368.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 33.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 411.7 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 169.3 მლნ. აშშ დოლარით.

საქსტატის მონაცემებით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2023 წლის იანვარ-აგვისტოში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1 957.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 19.7 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები იკავებს 716.2 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 354.3 მლნ. აშშ დოლარით.