საქსტატი - მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ვიზიტორების დანახარჯები 2.2 მილიარდ ლარამდე გაიზარდა
საქსტატი - მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ვიზიტორების დანახარჯები 2.2 მილიარდ ლარამდე გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1 1.3 მილიონი შემოსვლა, რაც 7.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 48.3 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

საქსტატის ცნობით, აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.2 მილიონი შეადგინა, რაც 8.6 პროცენტით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 957.8 ათასს მიაღწია, რაც 9.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საანგარიშო პერიოდში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 938.6 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 11.0 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საერთაშორისო ვიზიტორების 81.5 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 14.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 4.0 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

საქსტატის ცნობით, 2024 წლის პირველ კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 187.1 ათასი, დაფიქსირდა თურქეთიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 19.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა რუსეთის ფედერაცია 19.2%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 14.5%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა თურქეთის (254.6 ათასი), რუსეთის ფედერაციის (215.5 ათასი) და სომხეთის (191.8 ათასი) მოქალაქეების მიერ.

ვიზიტორების უმრავლესობა, 49.7 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 35.9 პროცენტს შეადგენდა.

2024 წლის პირველ კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი – 44.8 პროცენტი განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარაში, შესაბამისად, 608.1 ათასი და 363.0 ათასი ვიზიტი.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.5 ღამე შეადგინა, რაც 2023 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე 8.6 პროცენტით ნაკლებია. განხორციელებული ვიზიტების 81.3 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.2 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 6.9 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 1.6 პროცენტით შემცირდა და 1 869.1 ლარი შეადგინა.