საქსტატი - 2022 წლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ 461.0 მილიონი ლარის პროდუქციაა გაყიდული
საქსტატი - 2022 წლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ 461.0 მილიონი ლარის პროდუქციაა გაყიდული

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში 135 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 18.5 პროცენტი ქვემო ქართლის რეგიონში, 17.0 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 15.6 პროცენტი – კახეთის რეგიონში, 13.3 პროცენტი – იმერეთის რეგიონში; 10.4 პროცენტი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 25.2 პროცენტი სხვა რეგიონებშია განთავსებული.

საანგარიშო პერიოდში სასაკლაოებში დაკლულია 409.8 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 41.7 პროცენტი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ხოლო 58.3 პროცენტი – წვრილფეხა. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 12 975.2 ათასი ერთეულით განისაზღვრა. სასაკლაოების მიერ 2022 წლის განმავლობაში 52 331.2 ტონა ხორცი იქნა წარმოებული, საიდანაც 36.5 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 41.4 პროცენტი – ფრინველის, 20.9 პროცენტი – ღორის, 1.1 პროცენტი – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.

2022 წლის განმავლობაში სასაკლაოებში წარმოებული ხორციდან 2 975.0 ტონა შესყიდული იყო სასაკლაოს მიერ, საიდანაც 54.8 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 21.8 პროცენტი – ფრინველის ხორცზე, ხოლო 20,4 პროცენტი – ღორის ხორცზე. ასევე, გასული წლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 43.0 ათას პირს, საიდანაც 39.3 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 130 კაცი შეადგინა.

ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური 33.0 ლარია, ცხვრის ან თხის – 14.6 ლარი, ღორის – 28.2 ლარი.

ამასთან, საქსტატის ცნობით, სასაკლაოების უმრავლესობა, 52.6 პროცენტი სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით, 45.2 პროცენტი აღჭურვილია ნაწილობრივ, ხოლო 2.2 პროცენტი არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით. სასაკლაოების 76.3 პროცენტი არ სარგებლობს სესხით, ხოლო 23.7 პროცენტს აღებული აქვს სესხი სხვადასხვა მიზნით: 62.5 პროცენტს – ძირითადი კაპიტალის შეძენისთვის, 37.5 პროცენტს – საბრუნავი კაპიტალისათვის.

გარდა ამისა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს საქართველოში 333 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა. გასული წლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 485 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 920 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 2 169 კაცით განისაზღვრა.

2022 წლის განმავლობაში მაცივრებში შენახული იყო 283.1 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 44.4 პროცენტი – ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 20.0 პროცენტი – პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 14.3 პროცენტი – ხილი და ბოსტნეული, 13.0 პროცენტი – თევზეული, 4.3 პროცენტი – რძის პროდუქტები, ხოლო დანარჩენ პროდუქტებს 4.0 პროცენტი უკავია.

ამასთან, საქსტატის ცნობით, სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2022 წლის განმავლობაში შესყიდულია 50.4 ათასი ტონა პროდუქცია. რაც შეეხება მომსახურების სახით მიღებულ შემოსავალს, მან 23.6 მლნ. ლარი შეადგინა. 2022 წლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 461.0 მლნ. ლარის ღირებულების 84.7 ათასი ტონა პროდუქცია. ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი პროდუქციის 56.6 პროცენტი მოდიოდა ქათმის ხორცზე. სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან 7.0 პროცენტი უცხოურ ბაზარზე იქნა რეალიზებული, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს ქათმის ხორცი (73.6 პროცენტი), თევზეული (17.3 პროცენტი) და ხილ-ბოსტნეული (8.3 პროცენტი) წარმოადგენდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, სამაცივრე მეურნეობების 54.7 პროცენტი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილია სრულად, 42.6 პროცენტი – ნაწილობრივ, ხოლო 2.7 პროცენტი საერთოდ არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით. სესხით სარგებლობს სამაცივრე მეურნეობების 70.3 პროცენტი. აქედან 53.4 პროცენტს სესხი აღებული აქვს მხოლოდ ძირითადი კაპიტალისთვის, ანუ ახლის შეძენის ან არსებულის გაუმჯობესების მიზნით, 34.7 პროცენტს – მხოლოდ საბრუნავი კაპიტალისათვის, ხოლო 11.9 პროცენტს – როგორც ძირითადი, ისე საბრუნავი კაპიტალისათვის.