საქსტატი - 2021 წლის III კვარტალში 9 563.7 ტონა ხორცია წარმოებული
საქსტატი - 2021 წლის III კვარტალში 9 563.7 ტონა ხორცია წარმოებული

2021 წლის III კვარტალში საქართველოში 108 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 20.4 პროცენტი მდებარეობს ქვემო ქართლის რეგიონში, 17.6 პროცენტი – კახეთის რეგიონში, 13.0 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 13.0 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 11.1 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ხოლო დანარჩენი 25.0 პროცენტი – სხვა რეგიონებშია განთავსებული.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2021 წლის III კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 81.3 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 36.0 პროცენტი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 38.7 პროცენტი – ღორი, ხოლო 10.3 პროცენტი ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 15.0 პროცენტს შეადგენს. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2 691.0 ათასი ერთეულით განისაზღვრა. სასაკლაოების მიერ.

2021 წლის III კვარტალში 9 563.7 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 33.4 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 41.7 პროცენტი – ფრინველის ხორცზე, 23.4 პროცენტი – ღორის ხორცზე, 1.3 პროცენტი – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია. საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 9.5 ათას პირს, საიდანაც 31.2 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 976 კაცი შეადგინა. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 30.4 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 12.2 ლარი, ხოლო ღორის დაკვლის საფასური – 26.6 ლარი.