საქსტატი - 2020 წელს საქართველოში საშუალო ყოველთვიური ხელფასი 5.4 პროცენტით გაიზარდა და 1 191 ლარი შეადგინა
საქსტატი - 2020 წელს საქართველოში საშუალო ყოველთვიური ხელფასი 5.4 პროცენტით გაიზარდა და 1 191 ლარი შეადგინა

2020 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ყოველთვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 5.4 პროცენტით, ანუ 61.5 ლარით გაიზარდა და 1 191.0 ლარი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, 2020 წელს წინა წელთან შედარებით, ხელფასების ზრდა სექტორების უმრავლესობაში შეინიშნებოდა. საქმიანობების სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 2 156.9 ლარი. 2019 წელთან შედარებით, გაიზარდა 6.2 პროცენტით;

ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 885.7 ლარი. წინა წელთან შედარებით, გაიზარდა 16.3 პროცენტით;

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 852.3 ლარი. 2019 წელთან შედარებით, შემცირდა 2.3 პროცენტით.

2020 წელს ქალების საშუალო ყოველთვიური ხელფასი 952.2 ლარით, ხოლო მამაკაცების – 1 407.7 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ, შესაბამისად ქალებში – 9.6 პროცენტი, კაცებში – 3.4 პროცენტი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, მამაკაცების საშუალო ყოველთვიური ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების საშუალო ყოველთვიურ ხელფასს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ყოველთვიური ხელფასი 260.5 ლარით ნაკლები იყო არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულებთან შედარებით. ამასთან, 2019 წელთან შედარებით, სახელმწიფო სექტორში ხელფასი 5.2 პროცენტით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 6.1 პროცენტით გაიზარდა და შესაბამისად, 1 024.4 და 1 284.9 ლარი შეადგინა.

ამასთან, 2020 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ყოველთვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 5.3 პროცენტით გაიზარდა და 1 222.9 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, ყველაზე მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების, ასევე, საინფორმაციო და კომუნიკაციის დარგებში ფიქსირდება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო ყოვლთვიური ხელფასი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 6.3 პროცენტით და 1 135.7 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ასევე, სხვა სახის მომსახურების სფეროებში დასაქმებულებს. საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით, რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი.