„საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე - მაღაროს სამი დღით გაჩერების გადაწყვეტილებას მივიღებთ, კომისიის შედეგებზე იქნება დამოკიდებული, როგორ გაგრძელდება სამუშაოები
„საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, მიხაილ სოცკის განცხადებით, ტყიბულის მაღაროში მომხდარი შემთხვევის მიზეზების დასადგენად კომისია მუშაობს.
მიხაილ სოცკის თქმით, მაღარო ამ ეტაპზე მუშაობას სამი დღით შეაჩერებს და კომისიის მუშაობის შედეგებს დაელოდებიან.
„ეს საშინელი მოვლენაა. ვცდილობთ, გავერკვეთ ამ ვითარებაში. გუშინდელიდან მუშაობს კომისია, რომელიც ადგენს ავარიის მიზეზებს. 20 წუთში გაიმართება საკონსულტაციო საბჭოს გაფართოებული შეხვედრა. ჯერჯერობით, მივიღებთ მაღაროს 3-დღიანი გაჩერების გადაწყვეტილებას. შემდეგ უკვე კომისიის შედეგებს დაველოდებით. რა ჭრილში გაგრძელდება შემდგომი სამუშაოები, ეს კომისიის შედეგებზე იქნება დამოკიდებული. უახლოეს ორ დღეში ჩვენ ვითარებაში აუცილებლად გავერკვევით და გაფართოებულ პრესკონფერენციას ჩავატარებთ იმ მიზეზებზე, რომლებმაც ტრაგედიამდე მიგვიყვანა“, – აცხადებს მიხაილ სოცკი.
ამასთან, მიხაილ სოცკიმ ისაუბრა ტყიბულის მაღაროში ორი თვის წინ მომხდარ შემთხვევაზეც.
„ქვანახშირის აალება მეათე ველზე იყო 2 თვის წინ. დღეისათვის, სახელმწიფო ორგანოების დახმარებით აღდგენილია შემაერთებელი სადენები. ეს ველი სრულად არის იზოლირებული და არანაირად არ არის დაკავშირებული იმ ადგილთან, სადაც მიმდინარეობდა სამუშაოები. ეს მაღაროს საერთოდ სხვა ნაწილია, სამუშაოები აღმოსავლეთ ფრთაში მიმდინარეობდა. ძალიან დიდი დაშორებაა მათ შორის და სრულად იზოლირებულია. მეათე ველი გავლენას ვერანაირად იქონიებდა, ეს ტექნიკურად შეუძლებელია.
მუშაობს პროკურატურა, სამართალდამცავი ორგანოები, შეიქმნება მეშახტეთა შიდა კომისია, რომელიც იმუშავებს, მათ შორის პროფკავშირების მონაწილეობით. 2-3 დღეში მზად ვიქნებით, დეტალური პასუხები გავცეთ“, – განაცხადა „საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავჯდომარემ.
ტყიბულის მაღაროში შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. დაიღუპა ერთი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი.