ტყიბულის მაღაროში ხუთი ადამიანი მოიწამლა, მათ შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ
ტყიბულის მაღაროში ხუთი ადამიანი მოიწამლა, მათ შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ

ტყიბულის მაღაროდან ხუთი მაღაროელი ტყიბულის საავადმყოფოში გადაიყვანეს. კომპანია „საქნახშირის“ წარმოების დარგში დირექტორის მოადგილის, ბადრი არაბიძის თქმით, მაღაროელებმა თავი ცუდად იგრძნეს. მისი თქმით, ზუსტი მიზეზი უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის მიზეზი ძიძიგურისა და მინდელის სახელობის მაღაროების დამაკავშირებელ სავენტილაციო გვირაბში დაგროვილი მხუთავი აირები გახდა.

არაბიძის ინფორმაციით, ხუთივე მაღაროელს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება და ყველა შინ იმავე საღამოს გაეწერა. შემთხვევა 9 მარტს მოხდა.

რამდენიმე კვირის წინ, კომპანიის წარმომადგენლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ძიძიგურის სახელობის მაღაროს ადმინისტრაცია დაეხურათ, რის შემდეგაც, ნახშირის მოპოვების სამუშაოების საწარმოებლად, ძიძიგურის მაღაროში მაღაროელებს შესვლა მინდელის სახელობის მაღაროდან სავენტილაციო გვირაბით მიუწევდათ, რასაც მაღაროელთა პროტესტი და აქცია მოჰყვა.