2 ივლისის მონაცემებით, წელს საქართველოში აივ ინფიცირების 274 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, შარშან შესაბამის პერიოდში 321 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
შიდსის ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლის 2 ივლისის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია სულ 8376 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის, 6252 მამაკაცია, 2124 კი ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4340 პაციენტს განუვითარდა. 1705 გარდაიცვალა.
30 ივნისის მონაცემებით, აივ მკურნალობას იტარებს 5220 (4630 +590 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 46 ბავშვია (38 +8 აფხაზეთი).
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 37.0 პროცენტი (3098) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 48.7 პროცენტი (4080) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 12.0 პროცენტი (1001) – მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.3 პროცენტი (109) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 პროცენტი (41) – სისხლის რეციპიენტია; 0.6 პროცენტი (46) – გადაცემის გზა დაუდგენელია.
აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3029 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა, ორი დაუდგენელი); სამეგრელოში 1153; იმერეთში 1004; აჭარაში 958; აფხაზეთში (526); კახეთში (411) ქვემო ქართლში (478); შიდა ქართლში (306); გურიაში (175); სამცხე-ჯავახეთში (112) და ა.შ.
საქართველოში გამოვლენილია სულ 116 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის, 70 – ვაჟი, 46 – გოგონა. 27 გარდაიცვალა. სამი ქვეყნიდან გავიდა.
განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით: ვერტიკალური (დედიდან) გადაცემით – 108 შემთხვევა (მათგან ერთი – ძუძუთი კვებით); სისხლის რეციპიენტი – ოთხი, დაუდგენელი – ორი.