ანტივირუსულ მედიკამენტ „ტამიფლუს“ 13 ათასი კოლოფი უკვე საქართველოშია. მედიკამენტის ახალი მარაგი ლუგარის ლაბორატორიაში ცოტა ხნის წინ მიიტანეს, საიდანაც სააფთიაქო ქსელებსა და ჯანდაცვის ცენტრებში გადანაწილდება.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, მედიკამენტის გაცემა თბილისის მასშტაბით აფთიაქებში დღეს საღამოს დაიწყება, ხოლო რეგიონებში ხვალ 12:00 საათიდან. მისი განმარტებით, თუ მანამდე რაიმე პრობლემა შეიქმნება და წამლის საჭიროება გაჩნდება, „ტამიფლუს“ გაცემას ჯანდაცვის ცენტრები შეძლებენ.
„ტამიფლუ“ ძირითადად სამი მიმართულებით განაწილდება. ერთი მიმართულება არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები რაიონებში, რომლებიც მედიკამენტს აქამდე მხოლოდ ორსულებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის და ზოგადად რისკ-ჯგუფებისათვის გასცემდნენ. ისინი ხვალ იმუშავებენ განსაკუთრებულ რეჟიმში, ანუ გასცემენ არა მხოლოდ რისკ-ჯგუფებისთვის არამედ ყველასთვის.
მეორე, რაიონული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები, იმისთვის რომ აფთიაქებს მიეცეთ საშუალება, ხვალ 12 საათისთვის აამუშაონ სრულყოფილად დისტრიბუცია. მეორე მიმართულება ნაწილდება აფთიაქებში. აფთიაქების ჩამონათვალსა და ლოკაციას დამატებით მოგახსენებთ. ეს იქნება ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული და ასევე ცხელ ხაზზე – 1505 ნებისმიერ დროს შეიძლება ამ ინფორმაციის მიღება.
თბილისის მასშტაბით აფთიაქები მედიკამენტის გაცემას დღეს 20:00-21:00 საათიდან დაიწყებენ, ხოლო ხვალ 12:00 საათიდან რეგიონების აფთიაქებში დაიწყება გაცემა. ხვალ 12 საათამდე რომ რაიონებში არ შეიქმნას რაიმე პრობლემა, ამ პერიოდში ჯანდაცვის ცენტრები გასცემენ „ტამიფლუს“.
მესამე მიმართულება ეს არის საოჯახო მედიცინის ცენტრები, რომლებიც თბილისში 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, ეს არის ხუთი ცენტრი. მათ ახლა გააქვთ უკვე „ტამიფლუს“ საკმარისი მარაგი და, ფაქტობრივად, ერთ საათში, 18:00 საათიდან დაიწყებენ უკვე პაციენტებზე გაცემას. აი ეს არის ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა წამალთან მიმართებით.
ეს რაოდენობა ჩვეულებრივ საკმარისი არის ნებისმიერი საჭიროებისთვის, მაგრამ თუ ვნახეთ, რომ გაზრდილი არის მოთხოვნა, თავს ვიზღვევთ და კიდევ ვაკეთებთ შეკვეთას, რომ ერთ კვირაში კიდევ დამატებითი რაოდენობა ჩამოვიდეს ანუ ზეგადაზღვეულები ვართ ამ მხრივ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.