ზურაბ აზარაშვილი - ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური ვირუსებია, არანაირი განგაშის და პანიკის საფუძველი არ გვაქვს
ზურაბ აზარაშვილი - ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური ვირუსებია, არანაირი განგაშის და პანიკის საფუძველი არ გვაქვს

დღეს ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური ვირუსებია, არანაირი განგაშისა და პანიკის საფუძველი არ გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ ჯერ კიდევ შემოდგომის დასაწყისში უზრუნველვყავით და ქვეყანაში შემოვიტანეთ შესაბამისი გრიპის რამდენიმეკომპონენტიანი ვაქცინა. სამინისტრო აქტიურად მოუწოდებდა სხვადასხვა კამპანიით მოსახლეობას, რომ გაეკეთებინათ შესაბამისი აცრები. დღეს რაც ხდება ქვეყანაში, ეს ჩვეულებრივი სეზონური ვირუსებია. არამარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში ასეა. სეზონურად გარკვეულ პიკურ მაჩვენებელს აღწევს, ვთქვათ, იანვრის ბოლომდე, თუმცა არანაირი განგაშის საფუძველი აქ არ არის. ეს ვირუსი ძირითადად შეიძლება გამოხატული იყოს ბავშვებში, თუმცა არაფერი განსაკუთრებული ისეთი, რომ რაიმე პანიკის საფუძველი იყოს. ვაქცინაციას რაც შეეხება და გრიპის ვაქცინებს, ეს მარაგში დღესაც გვაქვს და ყველა მსურველს შეუძლია, ჩაიტაროს შესაბამისი ვაქცინაცია“, – განაცხადა აზარაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მაღალი მიმართვიანობის გამო კლინიკები გადავსებულია და საწოლებთან დაკავშირებით, შესაძლოა, პრობლემები შეიქმნას, ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ამ კუთხით არანაირი საშიშროება არ არსებობს.

„არც კლინიკები არ არის გადავსებული და არც არანაირი საშიშროება, საფრთხე ამ კუთხით არ არსებობს. გასული წლების მსგავსად, ჩვეულებრივი სეზონური გრიპები ტრიალებს ქვეყანაში და განსაკუთრებული არაფერი არ ხდება“, – აცხადებს ზურაბ აზარაშვილი.