თამარ გაბუნია - „დელტა“ შტამს განსხვავებული ქცევა ახასიათებს, რის გამოც გრიპის პრევენციის ღონისძიებების დროულად დაწყება მნიშვნელოვანია
თამარ გაბუნია - „დელტა“ შტამს განსხვავებული ქცევა ახასიათებს, რის გამოც გრიპის პრევენციის ღონისძიებების დროულად დაწყება მნიშვნელოვანია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების შემაკავებელი რეგულაციები, განსაკუთრებით პირბადის გამოყენება და დისტანციის დაცვა ისევე ებრძვის გრიპს, როგორც ნებისმიერ სხვა მსგავსი ტიპის ვირუსს.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ გასულ წელს რესპირატორული ვირუსების გავრცელების სეზონზე გრიპის ეპიდემიის კუთხით პრობლემები არ შექმნილა.

თამარ გაბუნია მიიჩნევს, რომ კორონავირუსის „დელტა“ შტამის გამო წელს ამ კუთხით განსხვავებული ვითარებაა და გრიპის პრევენციის ღონისძიებების დროულად დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია.

„რესპირატორული ვირუსების სეზონისთვის რა თქმა უნდა, მზადება მოიაზრებს, რომ როგორც გასულ წელს, წელსაც გრიპის ვაქცინაცია აუცილებლად ჩატარდება. საინტერესო ამბავი იყო, რომ გასულ წელს ჩვენ ველოდით გრიპის ეპიდემიას, თუმცა როგორც ჩანს, პირბადე და სოციალური დისტანცირება ისევე ებრძვის გრიპს, როგორც ნებისმიერ სხვა მსგავსი ტიპის ვირუსს. ასე რომ, შარშან ეს პრობლემა ჩვენთვის ნამდვილად არ დამდგარა, თუმცა წელს გარკვეულწილად შეიცვალა სიტუაცია. „დელტა“ შტამს განსხვავებული ქცევა ახასიათებს და რა თქმა უნდა, ასევე ძალიან საინტერესოა გრიპის პრევენციის ღონისძიებების დროულად დაწყება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნიამ დაასახელა ის ჯგუფები, რომელში შემავალი პირებისთვისაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

„გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აუცილებელია იმ ჯგუფებში, რომელში შემავალ პირებსაც აქვთ მაღალი რისკი. განსაკუთრებით ორსულებში ვაკეთებ თ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, დიაბეტის მქონე პირებში, დიალიზზე მყოფ პაციენტებში, ასევე, ყველა იმ პირებში, ვისაც გარკვეულწილად მაღალი რისკი აქვს გრიპის შემდეგ გართულებების განვითარების. ეს ჯგუფები ბუნებრივია, შენარჩუნდება. რეკომენდაციას ისევ და ისევ არის, რომ ამ სიტუაციაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია გრიპის საწინააღმდეგო პრევენცია, ვიდრე ჩვეულებრივ სხვა სიტუაციაში“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.