საქართველოში პარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება. მეორე ტური 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ტარდება. ქუთაისში ასევე იმართება მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური.
საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობს 31 ოქტომბრის არჩევნებში შესაბამის მაჟორიტარულ ოლქებში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი. ჯამში მეორე ტურში ექვსი საარჩევნო სუბიექტის წარდგენილი კანდიდატები გადავიდნენ. ესენი არიან: №2 – „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, №5 – საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, №10 – „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“, №24 – „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“, №36 – „გირჩი“, №41 – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.
საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება შემდეგ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში და მასში გასული კანდიდატები არიან:
№1 – მთაწმინდა, კრწანისი – ბექა ოდიშარია („ქართული ოცნება“) და შალვა შავგულიძე („ევროპული საქართველო“);
№2 – ვაკე – ნოდარ ტურძელაძე („ქართული ოცნება“) და ელენე ხოშტარია („ევროპული საქართველო“);
№3 – საბურთალო – დავით სერგეენკო („ქართული ოცნება“) და ალექსანდრე ელისაშვილი („მოქალაქეები“);
№4 – ისანი – კახა კახიშვილი („ქართული ოცნება“) და ხატია დეკანოიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“);
№5 – სამგორი – სოზარ სუბარი („ქართული ოცნება“) და ლევან ხაბეიშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“);
№6 – დიდუბე, ჩუღურეთი – გიორგი ვოლსკი („ქართული ოცნება“) და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე („გირჩი“);
№7 – ნაძალადევი – მიხეილ ყაველაშვილი („ქართული ოცნება“) და შალვა ნათელაშვილი („ლეიბორისტული პარტია“);
№8 – გლდანი – ლევან კობიაშვილი („ქართული ოცნება“) და ნიკანორ მელია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“);
№10 – თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი – ირაკლი ქადაგიშვილი („ქართული ოცნება“) და გიორგი ბოტკოველი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“);
№11 – მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი – შალვა კერესელიძე („ქართული ოცნება“) და ცეზარი ჩოჩელი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“);
№12 – რუსთავი, გარდაბანი – ნინო ლაცაბიძე („ქართული ოცნება“) და დავით კირკიტაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“);
№16 – ხაშური, ქარელი – ზაალ დუგლაძე („ქართული ოცნება“) და ნატო ჩხეიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“);
№21 – ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი – ბეჟან წაქაძე („ქართული ოცნება“) და კახა გეწაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“);
№23 – ქუთაისი – ზაზა ლომინაძე („ქართული ოცნება“) და გრიგოლ ვაშაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“);
№27 – ზუგდიდი – ირაკლი ჩიქოვანი („ქართული ოცნება“) და მალხაზ ჯალაღონია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“);
№28 – ბათუმი – რესან კონცელიძე („ქართული ოცნება“) და ლევან ვარშალომიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“)
№30 – ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო – ანზორ ბოლქვაძე („ქართული ოცნება“) და მიშა ბოლქვაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“).
ამასთან, მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური იმართება ქუთაისში, სადაც იოსებ ხახალეიშვილი („ქართული ოცნება“) და გრიგოლ შუშანია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) უპირისპირდებიან ერთმანეთს.
საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდა. ყველა ოპოზიციური პარტია, რომელმაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ერთპროცენტიანი ბარიერი გადალახა და მოხვდა პარლამენტში, საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარს ამბობს. საპარლამენტო მანდატებზე სულ უარს ამბობს რვა პარტია: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, „პატრიოტთა ალიანსი“, „გირჩი“, „მოქალაქეები“, „ლეიბორისტული პარტია“. ისინი არ ცნობენ არჩევნების მეორე ტურსაც. თუმცა, ოპოზიციური პარტიების კანდიდატები დღევანდელ არჩევნებზე ბიულეტენებში კვლავ არიან წარმოდგენილნი, ვინაიდან, კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების მეორე ტურიდან კანდიდატურის მოხსნა შეუძლებელია.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, მეორე ტურზე ამომრჩევლებს 1 914 საარჩევნო უბანი და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი ცხრა უბანი ემსახურება; რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფ ამომრჩევლებს, მათი არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია 80 სპეციალური საარჩევნო უბანი.
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა არის 2 140 210.
ცესკო-ში აცხადებენ, რომ პანდემიის მიუხედავად არჩევნებზე მისვლა უსაფრთხოა, ვინაიდან კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებულია ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რაც ხელს შეუშლის ინფექციის გავრცელებას. საარჩევნო უბანზე მისვლისას აუცილებელია პირბადის მოხმარება, თუმცა არქონის შემთხვევაში, საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებს უზრუნველყოფენ პირბადით; მათ ასევე გადაეცემათ ინდივიდუალური მოხმარების კალმისტრები.
ცესკო-ს ინფორმაციით, 21 ნოემბრის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია საარჩევნო სუბიექტების 9 521 წარმომადგენელი, 132 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 47 345 და 48 საერთაშორისო ორგანიზაციის 920 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესის გაშუქების მიზნით აკრედიტებულია 118 მედიაორგანიზაციის 5 964 წარმომადგენელი.
ცესკო-ში აღნიშნავენ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს აგიტაცია იკრძალება კენჭისყრის შენობაში. „ასევე აღსანიშნავია, რომ არავის აქვს უფლება, შეაფერხოს ამომრჩევლის გადაადგილება საარჩევნო უბნის შესასვლელთან და ხმის მიცემის თავისუფლად განხორციელება კანონით არის უზრუნველყოფილი. ხმის მიცემა ფარულია და არავის აქვს უფლება აკონტროლოს ან გაამჟღავნოს ვინმეს არჩევანი“, – აცხადებენ ცესკო-ში.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის დადგენილებაში შევიდა ცვლილება, რომლის საფუძველზეც 20 ნოემბრიდან გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნა; შესაბამისად, საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს შესაძლებლობა ექნებათ, გადაადგილდნენ შეზღუდვის გარეშე. დადგენილება ძალაშია 22 ნოემბრის დილის 05:00 სთ-ის ჩათვლით.
20:00 სთ-ზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მიეწოდება ცესკო-ს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge.
დილის 07:00 საათიდან მოქმედებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრი – 2 51 00 51 და ონლაინ ჩატი; ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩეველს საშუალება აქვს, ინფორმაცია მიიღოს ვიდეოზარის მეშვეობით.