საქართველოში პირველი ავტორიზებული საინვესტიციო ფონდი ოფიციალურად გაიხსნა
ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია შპს „ფორსაით ინვესტმენტ გრუპი“ საქართველოში პირველ ავტორიზებულ „ფორსაითის ლარის ფულადი ბაზრის ფონდს“ აფუძნებს.
„ფორსაითის ლარის ფულადი ბაზრის ფონდი“ ახალი ტიპის ფინანსურ პროდუქტს წარმოადგენს, რომელიც საზოგადოებისა და ბიზნესსექტორისთვის ხელმისაწვდომი ფინანსური პროდუქტების სპექტრს კიდევ უფრო აფართოებს.
„ფორსაითის ლარის ფულადი ბაზრის ფონდში“ თანხების განთავსებით ინვესტორს შეუძლია, საკუთარი ფულადი რესურსებით დამატებითი შემოსავალი მიიღოს. ფონდში მინიმალური შენატანი 100 ლარია, ხოლო სარგებელი ყოველდღიურ ნაშთზე ირიცხება. ფონდიდან ინვესტიციის გატანა, მაქსიმუმ, ერთ სამუშაო დღეში, საკომისიოს გადახდის გარეშეა შესაძლებელი. ფონდიდან ინვესტიციის გატანისას ინვესტორის მიერ მისაღები თანხის ოდენობა ფონდში შემავალი აქტივების მიმდინარე ღირებულების მიხედვით განისაზღვრება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში საინვესტიციო ფონდების და აქტივების მმართველი კომპანიების ზედამხედველობას საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს. ამ ეტაპისთვის ლიცენზირებულია აქტივების მმართველი მხოლოდ სამი კომპანია: „თიბისი ჯგუფში“ შემავალი „თიბისი აქტივების მართვა“, „საქართველოს ბანკის“ ჯგუფში შემავალი „ბი ოუ ჯი აქტივების მართვა“ და „ფორსაითის ლარის ფულადი ბაზრის ფონდის“ მმართველი „ფორსაით ინვესტმენტ გრუპი“, რომელიც აქტივების მმართველი დამოუკიდებელი კომპანიაა. ამასთან, რეგისტრირებულია 14 საინვესტიციო ფონდი და ავტორიზებულია ერთი საინვესტიციო ფონდი. აღსანიშნავია, რომ, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მხოლოდ ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდს შეუძლია, განახორციელოს საჯარო შეთავაზება.
„ფორსაითის ლარის ფულადი ბაზრის ფონდი“ საქმიანობა 2020 წლის 22 ივლისის „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირდება. ის უფლებამოსილია, საჯარო შეთავაზება განახორციელოს, რაც ნიშნავს, რომ ფონდში ინვესტირება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტების, სამთავრობო უწყებების და კერძო სექტორის ჩართულობით, კაპიტალის ბაზრის განვითარების მიზნით რამდენიმე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა. აღნიშნულმა ადგილობრივ ბაზარზე ხელი შეუწყო ახალი ტიპის ფინანსური ინსტიტუტებისა და ინსტრუმენტების დამკვიდრებას.
ღონისძიებას პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.