საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ავსტრიის კანცლერი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში იმყოფებოდა
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ავსტრიის კანცლერი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში იმყოფებოდა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ტიბორ კოზმამ ოძისში, გადაკვეთის პუნქტზე უმასპინძლა ავსტრიის დელეგაციას, ავსტრიის ფედერალური კანცლერის, კარლ ნეჰამერის ხელმძღვანელობით. ინფორმაციას ევროკავშირის მონიტორინგის მისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტიბორ კოზმამ წარმოადგინა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეფასება ადგილზე განვითარებული უკანასკნელი მოვლენების შესახებ.

„ვიზიტისას ევროკავშირის სადამაკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ავსტრიის კანცლერს, მდივანს და მის დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით განვითარებული უახლესი მოვლენების შესახებ. მან კონკრეტულად გააცნო დელეგაციას ინფორმაცია ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე რეგულარული მოძრაობისთვის ოძისის გადაკვეთის პუნქტის გახანგრძლივებული დაკეტვის შესახებ. მან განმარტა, რომ ამან, მიმდინარე „ბორდერიზაციის“ საქმიანობასთან ერთად, გამოიწვია ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა. ამ შეზღუდვების შედეგად, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას აქვს შემცირებული ან საერთოდ არ აქვს წვდომა ჯანდაცვაზე, განათლებაზე, საკუთრებაზე და წყალზე.

დოქტორმა კოზმამ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ეუთო-სთან ერთად, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მოუწოდებს გადაკვეთის პუნქტების ფუნქციონირების სრულად აღდგენისკენ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში, რომლის ფარგლებშიც უკანასკნელი შეხვედრა ერგნეთში 17 იანვარს გაიმართა.

ვიზიტის შემდეგ ავსტრიის კანცლერმა და მისმა დელეგაციამ გამოხატეს მადლიერება ბრიფინგებისა და ანალიზისთვის, მადლობა გადაუხადეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლებს თავდადებისთვის, საქართველოსა და ფართო რეგიონში სტაბილურობაში შეტანილი წვლილისთვის.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში შვიდი ავსტრიელი თანამშრომელი მუშაობს“, – აღნიშნულია ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.