საქართველოში კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით შესაძლოა, სამუშაო ჯგუფი შეიქმნას
საქართველოში კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით შესაძლოა, სამუშაო ჯგუფი შეიქმნას.
მსგავსი ინიციატივით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გამოდის.
დეპუტატის განმარტებით, საკუთარ გუნდს სთავაზობს, რომ საზოგადოების მეტი ინფორმირების მიზნით, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შევლენ როგორც დეპუტატები, ასევე საპატრიარქოს წარმომადგენლები და ექსპერტები.
ეკა ბესელია აღნიშნავს, რომ მსგავსი ფორმატი იმუშავებს, რათა საზოგადოებაში არც ერთი ღია კითხვა არ დარჩეს.
გუშინ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მარიხუანასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი ორ ნაწილად გაიყოფა.
მისი განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტის ერთი ნაწილის განხილვა ცალკე მოხდება, რომელიც საქართველოში მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციებს აწესებს. მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვა კი კობახიძის თქმით, საჩქარო არ არის.