საქართველოში დასაქმების ფორუმი 8 დეკემბერს ჩატარდება
საქართველოში დასაქმების ფორუმი 8 დეკემბერს ჩატარდება

ყველას მოვუწოდებ, დღესვე დარეგისტრირდნენ და მონაწილეობა მიიღონ დასაქმების ფორუმში, სადაც მათ შეეძლებათ, მინიმუმ, 55 მსხვილი კომპანიის წარმომადგენელს პირისპირ გაესაუბრონ და თავიანთი სამოტივაციო წერილები გადასცენ, – განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარიამ ბეზარაშვილმა პირველი არხის გადაცემაში “აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად” სტუმრობისას.

„მორიგი დასაქმების ფორუმი 8 დეკემბერს ჩატარდება. იმისთვის, რომ ადამიანებმა ამ ფორუმში მონაწილეობა მიიღონ, უნდა შევიდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე, სადაც მითითებულია ბმული დასაქმების ფორუმის შესახებ”, – განაცხადა მარიამ ბეზარაშვილმა.

“საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელის, ალი ბადიროვის შეკითხვაზე, რატომ არ იციან რეგიონებში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა WORKNET-ის პლატფორმის შესახებ, მარიამ ბეზარაშვილმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მათი კარი აბსოლუტურად ყველასთვის ღიაა.

„ყველა რგოლის ჩართულობით წელიწადში ორჯერ ვაწყობთ მედია ტურებს. მზად ვართ კრიტიკისთვის, რადგან ადამიანების დასაქმებას ასე უფრო უკეთ შევძლებთ. რა თქმა უნდა, სურვილი გვაქვს, თითოეული რეგიონის პრობლემატიკა უფრო სიღრმისეულად ვიცოდეთ და იმედი მაქვს, თუნდაც ხვალიდან, თქვენთანაც ვითანამშრომლებთ”, – განაცხადა მარიამ ბეზარაშვილმა.