გორში დასაქმების ფორუმი გაიმართა
გორში დასაქმების ფორუმი გაიმართა

გორში დასაქმების ფორუმი გაიმართა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც დიდი, ქსელური ბრენდების, ისე ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოების წარმომადგენლები. ჯამში, 30-მდე კომპანიას 500-ზე მეტი სამუშაო ადგილი ჰქონდა წარმოდგენილი.

ფორუმზე დასაქმების მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დამსაქმებლებისგან პირადად მიეღოთ ინფორმაცია და შეერჩიათ სასურველი ვაკანსია. ღონისძიება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ორგანიზაცია „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ მხარდაჭერით გაიმართა.

ფორუმს ადგილობრივი ხელისუფლების, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, მსგავს ფორუმებს პერმანენტულად ატარებს. ღონისძიებების მიზანია, ერთმანეთთან დააკავშიროს სამუშაოს მაძიებლები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. სააგენტომ 2022 წელს თბილისსა და რეგიონებში 15 ფორუმი ჩაატარა, სადაც 5 000-ზე მეტი ვაკანსია იყო წარმოდგენილი“, – ნათქვამია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.