დღეიდან, საქართველოში დაცულ ტერიტორიებზე ბილეთების ფასი 10%-15%-ით იზრდება.
როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, ბილეთებზე ფასის ზრდა ელექტრონული ბილეთების სისტემის დანერგვამ გამოიწვია.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო გაცნობებთ, რომ 3 მაისიდან სატესტო რეჟიმში გაეშვება დაცულ ტერიტორიებზე ბილეთების რეალიზება ელექტრონული გზით, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ვიზიტორთა მომსახურების ხარისხს.
ბილეთების რეალიზაციის პროგრამული უზრუნველყოფის, ფინანსური მონიტორინგისა და ვიზიტორთა შესვლის კონტროლის უზრუნველყოფას ახორციელებს კომპანია „გურუ.ჯი“.
კომპანიამ ვიზიტორთა ცენტრებში მოაწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა. დამონტაჟდა გამშვები ტურნიკეტები, ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა, ბილეთის საბეჭდი აპარატები, ასევე სალაროსთან ლოდინის რეჟიმის განტვირთვის მიზნით ბილეთის ყიდვის სწრაფი აპარატები.
ელექტრონული ბილეთების სისტემის დანერგვის გამო, გაიზარდა ბილეთის ღირებულება და დაემატა საკომისიო მომსახურების გადასახადი. აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ საფასურის ზრდა მინიმალურია და შეადგენს 10-15%-ს“, – აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.