რაჭაში დაცული ტერიტორიები იქმნება
რაჭაში დაცული ტერიტორიები იქმნება

რაჭაში დაცული ტერიტორიები იქმნება. შესაბამისი ცვლილებები უკვე მომზადებულია, რომლის ინიცირება 5 სექტემბრის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ რაჭის დაცული ტერიტორიები მოიცავს – ეროვნულს პარკს (ფართობი – 50835 ჰექტარი) და რაჭის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიას (დამხმარე ზონას).

მთავრობა განმარტავს, რომ რაჭის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია (დამხმარე ზონა) იქნება ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და მოიცავს რამდენიმე დასახლებულ პუნქტებს – უწერას, გლოლას, ჭიორას, ღების, პატარა ღების, გონას (საერთო ფართობი − 550 ჰექტარი).

კანონპროექტით კონკრეტდება, რომ ცვლილებები არ ითვალისწინებს მუნიციპალიტეტებისთვის რაიმე სახის ვალდებულებების დაკისრებას ან მათი უფლებამოსილების შეზღუდვას. მთავრობის ცნობით, მუნიციპალიტეტები ისარგებლებენ ყველა იმ ბენეფიტით, რაც მოყვება ტერიტორიაზე დაცული ტერიტორიების დაარსებას და მასთან დაკავშირებული შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას.

„რაჭის დაცული ტერიტორიების დაარსება ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების დაცვას, „ეკო-დერეფნების“ ქსელის გაფართოებას, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას და დასაქმებას ტურისტულ სერვისებში. აგრეთვე მხედველობაშია მისაღები, რომ ეკონომიკური ზრდის პირობებში სწორედ დაცულმა ტერიტორიებმა უნდა უზრუნველყონ საქართველოს გამორჩეული ბუნებრივი მრავალფეროვნებისა და მოსახლეობისთვის ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება. შესაბამისად, ამ თვალსაზრისითაც, ბუნებრივი ტერიტორიების ტრანსფორმაციის შეჩერების, მათი სამეურნეო ზეწოლისაგან დაცვის მიზნით, დიდი მნიშვნელობა აქვს ახალი დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბებასა და არსებული დაცული ტერიტორიების გაფართოებას“, – აღნიშნულია კანონპროექტში.