საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი ჯიმ რიში და სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
„საქართველოში დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებით ჩვენი ბოლოდროინდელი შეშფოთების მიუხედავად, იმედი გვქონდა, რომ საქართველოს მთავრობა ვალდებულებას აიღებდა, ჩაეტარებინა თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი, რომელიც ასახავდა ქართველი ხალხის ნებას. რეალურად, ამ შაბათ-კვირის საპარლამენტო არჩევნებზე სხვა რამ ვიხილეთ. ეუთო/ოდირის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და ISFED-ის მიერ გაზიარებული ანგარიშები აჩვენებს მრავალ დარღვევას, რომლებმაც მნიშვნელოვნად დააზარალა დემოკრატიული არჩევნების სტანდარტები. შეშფოთებულები ვართ, არჩევნების დღეს ჩარევის ათობით შემთხვევით, მათ შორის ძალადობით, ამომრჩეველთა დაშინებითა და ბიულეტენების ჩაყრით, რამაც, შესაძლოა, კიდევ უფრო დააზიანა არჩევნების შედეგების სანდოობა“, – აღნიშნავენ სენატორები.
ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებენ, „ევროპელ მეგობრებთან თანამშრომლობით, დაუყოვნებლივ გამოიძიოს გაყალბების და ნებისმიერი გარე ჩარევის შემთხვევები, რათა დადგინდეს, რამდენად სერიოზული გავლენა იქონია ამან არჩევნების შედეგებზე. პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ“.
„საქართველოსთვის ეს სახიფათო ეტაპია. მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გააცნობიეროს, რომ მის ქმედებებს, შეიძლება, დაუყოვნებლივი შედეგები მოჰყვეს ეკონომიკურ და უსაფრთხოების დღის წესრიგზე. რუსეთმა უდავოდ ისარგებლა განხეთქილებისა და დეზინფორმაციის დათესვით. ჩვენ ვაღიარებთ ქართველი ხალხის უფლებას, თუ ისინი ამას აირჩევენ, მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის კუთხით და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს ამ უმნიშვნელოვანეს დემოკრატიულ უფლებას.
საჭიროების შემთხვევაში ჩვენ შევიტანთ დამატებით ცვლილებებს ჩვენს ორპარტიულ კანონმდებლობაში, „ქართველი ხალხის აქტში“, რათა უზრუნველვყოთ, რომ პასუხი აგონ იმ პირებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საარჩევნო პროცესის გაყალბებასა და მანიპულაციაზე. აშშ-ის სენატი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს“, – ნათქვამია განცხადებაში.