„ვაშინგტონ პოსტი“ - ჯიმ რიშმა უნგრეთისთვის ამერიკული იარაღის მიყიდვა დაბლოკა
„ვაშინგტონ პოსტი“ - ჯიმ რიშმა უნგრეთისთვის ამერიკული იარაღის მიყიდვა დაბლოკა

„ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსმა, ჯიმ რიშმა ამერიკული იარაღის უნგრეთისთვის მიყიდვა აკრძალა, რომლის ღირებულებაც 735 მილიონი დოლარია.

გამოცემა წერს, რომ სენატორი რიში ცდილობს, ამ გადაწყვეტილებით ზეწოლა მოახდინოს უნგრეთზე, რომელიც ბლოკავს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას.

„გარკვეული პერიოდის განმავლობაში მე პირდაპირ გამოვხატე ჩემი შეშფოთება უნგრეთის მთავრობის მიმართ მათი უარის გამო, რომ დააჩქარონ კენჭისყრა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. იმ ფაქტმა, რომ ახლა ივნისია და ჯერ კიდევ არაფერი გაკეთებულა, გადამაწყვეტინა, რომ ახალი ამერიკული სამხედრო ტექნიკის მიყიდვა უნგრეთისთვის შეჩერდება“, – აღნიშნა ჯიმ რიშმა.

ამასთან, სენატორმა აღნიშნა, რომ თუ უნგრეთს სურს, მიიღოს იარაღის პაკეტი, რომელიც, მათ შორის, მოიცავს, „ჰაიმარსის“ სარაკეტო სისტემებს, საბრძოლო მასალას, ტექნიკურ აღჭურვილობას და სათადარიგო ნაწილებს, მან მხარი უნდა დაუჭიროს შვედეთის განაცხადს.

უნგრეთი და თურქეთი ნატო-ს წევრი ერთადერთი ქვეყნები არიან, რომელთაც ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით შვედეთის განაცხადის რატიფიცირება ჯერ არ მოუხდენიათ.