საქართველოში აშშ-ის საელჩო შვეიცარიის შუამავლობით დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრას მიესალმება
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მიესალმება შეხვედრას საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელიც შვეიცარიის საგარეო უწყების შუამავლობით შედგა.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოვუწოდებთ რუსეთს, შეაჩეროს უკანონო ოკუპაცია და შეამციროს დაძაბულობა“, – აცხადებენ საელჩოში.
ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს გუშინ შეხვდა.
როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა: „სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციების შედეგად გადავწყვიტეთ, რომ ლავროვთან შეხვედრა იქნებოდა პირველი შესაძლებლობა, ასეთ დონეზე რუსეთისთვის პირდაპირ გვეთქვა სათქმელი“.