ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საქართველოში 2017 წელს რეინვესტირების შთამბეჭდავი, 129.6%-იანი ზრდა (401.9 მლნ აშშ დოლარით მეტი) დაფიქსირდა და რეინვესტირების მოცულობამ 712.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
„რეინვესტირების წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 38.2% შეადგინა და წინა წელთან შედარებით 18.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ.
მისი შეფასებით, რეინვესტირების მოცულობის ზრდა ინვესტორთა ნდობის ზრდასა და ქვეყნის ბიზნესგარემოს მიმართ პოზიტიურ მოლოდინებზე მიანიშნებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თქმით, რეინვესტირების მოცულობის ზრდას ხელი შეუწყო მოგების გადასახადის რეფორმამ, რომელიც კერძო სექტორს აძლევს საშუალებას მათი მიღებული მოგება, გადასახადების ნაცვლად, ახალი ინვესტიციების განსახორციელებლად და ბიზნესსაქმიანობის გასაფართოებლად მიმართონ, რაც კიდევ უფრო ზრდის ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას.